DMO Imereti-ს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე საინფორმაციო ტურისტული ცენტრი მოეწყობა

DMO Imereti-ს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, მოფრენის დარბაზში საინფორმაციო ტურისტული ცენტრი მოეწყობა, რომელსაც ადმინისტრირებას DMO Imereti გაუწევს.

გაფრენის დარბაზში შეიქმნება ბრენდირებული ფოტოზონა, რომელთანაც გამგზავრებისას ქალაქის სტუმრები ფოტოებს გადაიღებენ. ასევე აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ ავტობუსებზე, ტრაპებზე, ბარგის ურიკებზე გაჩნდება წარწერა - ქუთაისი.

ბრენდის ფერებში მოიხატება აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობაც.

როგორც DMO Imereti-ში აცხადებენ, აღნიშნული აქტივობების მიზანია ქალაქის პოპულარიზაცია, მის შესახებ ცნობადობის ამაღლება ტურისტულად ისეთ მნიშვნელოვან ობიექტზე, როგორიც აეროპორტია.