რატომ გადაიდო ბაზარზე საოჯახო მიკრომწვანილის გამოჩენა

ადგილობრივ ბაზარზე საოჯახო მიკრომწვანილის გამოჩენა გადაიდო. როგორც ქვეყანაში პირველი ვერტიკალური ფერმის „მიკროგრინი“ თანადამფუძნებელმა მარიტა გენებაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი პანდემიის შეზღუდვები და პარტნიორ ჩინურ კომპანიასთან შეუთანხმებლობაა.

როგორც ის განმარტავს, პროექტზე მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც ქვეყნებს შორის გაცვლა-გამოცვლა გამარტივდება.

„მიკროგრინს“ საოჯახო მიკრომწვანილი გასული წლის მიწურულს უნდა გამოეშვა. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის პროდუქციის მომხმარებელი ძირითადად, „ჰორეკა“ სექტორია, ახალი მიკომწვანილი ნებისმიერ მომხმარებელზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.

ცნობისთვის, საქართველოში პირველი ვერტიკალური სათბური შპს „მიკროგრინი“ თბილისში, 2017 წელს აშენდა. სათბური დაახლოებით, 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სადაც პროდუქციის მოყვანა სპეციალურ მრავალდონიან ვერტიკალურ თაროებზე განთავსებულ კონტეინერებში ხდება. სათბური აღჭურვილია ისეთი სისტემით, რომელიც მიკროკლიმატს ინარჩუნებს. შპს-მ საკუთარი პროდუქციის ბაზრისთვის მიწოდება 2017 წლის ზაფხულშივე დაიწყო.

ამ დროისთვის სათბურში 20-მდე დასახელების პროდუქტი იწარმოება, რომელთა შორისაა: ბოლოკი, წიწმატი, სალათის მიქსი, ბროკოლი, წითელი კომბოსტო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბარდა, მდოგვი, მზესუმზირა, ბაზილიკი, ნასტურცია, რუკოლა და ა.შ.

მიზეზი, თუ რატომ არის მიკრომწვანილები უფრო სასარგებლო, ვიდრე ტრაციციული, კომპანიაში განმარტავენ, რომკვლევების თანახმად ის გაცილებით უფრო კონცენტრირებულია ნუტრიენტებითა და ანტიოქსიდანტებით, ვიდრე მისი ზრდასრული ვერსია. ამასთან, მიკროგრინი კერძებს ახლებურ, გამორჩეულ გემოს მატებს, რადგან სხვადასხვა ტიპის მიკრომწვანილებს განსხვავებული არომატი აქვს.

„საოჯახო მიკრომწვანილი ჯერ არ გამოგვიშვია, რადგან პანდემიის და შეზღუდვების გამო, ჩინურ მხარესთან შეთანხმება ვერ შედგა. კერძოდ, მათ კონკრეტული ნაწილი უნდა დაემზადებინა ამ პროდუქტისთვის. თუმცა, ვერ დაგვიმზადა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. შესაბამისად, დროებით ეს პროექტი შეჩერებულია. ვფიქრობთ, რომ 2021-ში საოჯახო მიკრომწვანილს აუცილებლად გამოვუშვებთ, მაგრამ კონკრეტულად, როდის, არ ვიცით. ალბათ, როდესაც შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია, რათა მარტივი იყოს სხვა ქვეყნებთან გაცვლა-გამოცვლა“,- განაცხადა მარიტა გენებაშვილმა.

ნინი ქეთელაური