"აჭარაში 1-ელი თებერვლიდან დღემდე სოციალური ღონისძიებების გამართვის გამო, ორი ობიექტი დაჯარიმდა"

სოციალური ღონისძიების გამართვის გამო, აჭარაში 2 რესტორანი 10 000 ლარით დაჯარიმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, პირველი თებერვლიდან აჭარის რეგიონში შრომის ინსპექციამ 200-მდე ობიექტი შეამოწმა, საიდანაც ფულადი სანქცია ორ ობიექტს დაეკისრა.

მისივე თქმით, მონიტორინგის შედეგად სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

„როგორც იცით, აჭარის რეგიონში, არა მარტო ღია ტიპის სარესტორნო ბიზნესმა დაიწყო ფუნქციონირება, არამედ სავაჭრო მოლებმაც. ასევე შემსუბუქდა ეკონომიკის გახსნის პროცესი სხვადასხვა მიმართულებით.

პირველი თებერვლიდან, დაახლოებით 200-მდე ობიექტი შემოწმდა, დაჯარიმება მხოლოდ გამოყენებულია კვების ობიექტების მიმართ, სადაც დაფიქსირდა სოციალური ღონისძიების განხორციელების ფაქტი. ორივე შემთხვევაში გამოყენებული იქნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით“ , - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, პირველი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნა, მუშაობა განაახლა სავაჭრო ობიექტებმაც. საჯარო და კერძო სკოლაში კი სასწავლო პროცესმა საკლასო ოთახებში გადაინაცვლა.