ბელგიამ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა, თუმცა გარკვეული შეზღუდვების 13 თებერვლიდან შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროუმ განაცხადა.
მისივე თქმით, სილამაზის სალონებს მუშაობის უფლება, მკაცრი პირობების დაცვით, 13 თებერვლიდან ექნებათ, კოსმეტოლოგები და ტატუს სპეციალისტები მომსახურებას 1 მარტიდან განაახლებენ, ბარები და რესტორნები კი, რომლებიც გასული წლის ოქტომბრიდან დახურულია, ჯერჯერობით არ იხსნება.
”ექსპერტებს ვთხოვეთ, სწორი კურსი ეჩვენებინათ არა მხოლოდ ინფექციების რაოდენობის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის, არამედ ვაქცინაციის მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში”, - განაცხადა დე კროუმ.
პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ზომების შემსუბუქების შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
ცნობისათვის, ბელგიაში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 721 432 შემთხვევაა დადასტურებული, ქვეყანაში ვირუსს დღემდე 21 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.