აშშ-ის ეკონომიკა რთულ სიტუაციაშია - ბაიდენი

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე აშშ-ის ეკონომიკა ამ დრომდე რთულ ვითარებაშია და ჯამურად, 36 მილიონ ამერიკელს არ ჰყოფნის საკვები. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ საჭიროა მიიღონ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი 1,9 ტრილიონის მოცულობით.

„აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეკონომიკა ძალიან რთულ მდგომარეობაშია. 10 მილიონზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, ხოლო 4 მილიონზე მეტი ნახევარ წელზე მეტია უმუშევარია, 24 მილიონი ზრდასრული და 12 მილიონი ბავშვი კი საკვების უკმარისობას განიცდიან“ - განაცხადა მან.

აქედან გამომდინარე მისი თქმით, საჭიროა სწრაფი მოქმედება. ბაიდენის განცხადებით, გამოყოფილია 160 მილიარდი დოლარი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის, როგორც დამზადების ასევე გავრცელებისთვის. გეგმის მეორე პუნქტი კი ეს მოსახლეობისადმი დანაპირების ასრულებაა, რომელიც ერთჯერადად 1,4 ათასი დოლარის გაცემას ითვალისწინებს იმ ამერიკელებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვთ.

თავის მხრივ თეთრი სახლის პრეს-სპიკერის ჯენ ფსაკის თქმით, ამ მომენტისთვის ამერიკის ეკონომიკა ძალიან ნელი ტემპით ადგას აღდგენის გზას.

„ჩვენი ეკონომიკა ახლა კრიზისიდან თავის დაძრომას ცდილობს, რომელიც დიდ დეპრესიაზე უარესი შედეგის მომტანი აღმოჩნდა და ეს აღდგენა მიდის ძალიან ნელი ტემპით. დახმარების მსხვილი პაკეტი ახლა ძალიან სწრაფადაა მისაღები, იმისათვის, რომ გავაკონტროლოთ ვირუსის გავრცელება, ჩავატაროთ ვაქცინაცია და საბოლოოდ დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა“ - განაცხადეს თეთრ სახლში.

აღსანიშნავია, რომ იანვარში აშშ-ის შრომის სამინისტრომ დააფიქსირა უმუშევრობის ტემპის კლება 6,3%-მდე, მაშინ როცა ნოემბერ-დეკემბერში 6,7% იყო.

კოკა კვირკველია