„ყველაფერი გამაყიდინეს რომ მათი ხელფასები ჩავრიცხო -  რა უნდა დამიშაონ იმაზე მეტი რაც უკვე დამიშავეს“

„ყველაფერი გამაყიდინეს, რომ მათი ხელფასები ჩავრიცხო - რა უნდა დამიშაონ იმაზე მეტი, რაც უკვე დამიშავეს“ - ამის შესახებ გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი მთიულიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ასე გამოეხმაურა მთივლიშვილი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომ თვითნებური გახსნის შემთხვევაში ბიზნესები პირველ ჯერზე დაჯარიმდებიან, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ და ობიექტიც დაილუქება.

„ფუნქციონირება აკრძალული მაქვს უკვე ერთი წელია, შესაბამისად, რა უნდა ამიკრძალონ რაც აკრძალული მაქვს, რა უნდა დამიშაონ იმაზე მეტი რაც უკვე დამიშავეს. ყველაფერი გამაყიდინეს, რომ მათი ხელფასები ჩავრიცხო. ასეთი ნაბიჯებით არ უნდა წამოსულიყვნენ. თუმცა, მე მაინც არ ველოდები ხელისუფლებისგან მსგავს ქმედებას, რადგან იციან, რომ რასაც ვაპირებთ აქციაზე, არის მათგან წამოსული მუხტი. მათ მიგვიყვანეს ამ მდგომარეობამდე რომ ასეთ ნაბიჯებზე წავიდეთ,“-აღნიშნა მთიულიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს დაგეგმილ აქციას, არაერთი ბიზნესისა და სფეროს წარმომადგენელი უერთდება, რომლებიც ეკონომიკის სრულად გახსნას ითხოვენ.

„დაახლოებით 200 ობიექტია (გასართობი ცენტრი), საიდანაც დაახლოებით, 60% გაცამტვერდა და გასხვისდა. პირდაპირი მნიშვნელობით აღარ არსებობენ ეს კომპანიები. იმიტომ, რომ გაყიდეს ნივთები და თავი ირჩინეს ეს ერთი წელი. სახელმწიფომ რომ გვითხრას, ხვალ გხსნით მკაცრი რეგულაციების დაცვით და ა.შ. პროდუქციის შესატანი ფინანსებიც არ გვაქვს. ეს ფინანსები რომ გვქონოდა, მართლა მეუღლის ბეჭედს კი არ დავალომბარდებდი და ისე ჩავრიცხავდი თანხას... აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ამ კუთხითაც. ჩვენ არ ვითხოვთ - სახელმწიფო, თანხა მაჩუქე, რომელიც გადმოგირიცხე... ჩვენ ვეუბნებით, რომ იაფი კრედიტი, ან რამე მექანიზმი მოიფიქრეთ, რათა მცირედი თანხა ავიღოთ და როდესაც გავიხსნებით, ელემენტარული პროდუქცია შევიტანოთ, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან,“ - განაცხადა მთიულიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სოცაფეთქების ფარგლებში 14 საათიდან - 18 საათამდე, პარლამენტის შენობის წინ სხვადასხვა.საპროტესტო აქტივობები იგეგმება.

თაია არდოტელი