გრილი მდინარეები, ხელოვნური ტყეები, ჭკვიანი სახლები - როგორი იქნება ულტრათანამედროვე ეკო-უბანი სინგაპურში

დღესდღეობით სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს წარმოადგენს იმის მიუხედავად, რომ ქალაქ-სახელმწიფოს საერთო ფართობი სულ რაღაც 728 კმ.კვ.-ია, ხოლო მოსახლეობა 5.7 მილიონი ადამიანი.

მცირე ფართობის გამო, სინგაპურში დიდი ტყეები და დაცული ტერიტორიები არც ისე ბევრია, მოსახლეობის 80%-ზე მეტი კი ქალაქში ცხოვრობს.

სინგაპურის ეკოლოგიური მდგომაროების გაუმჯობესების მიზნით, მისმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა სრულიად ახალი ულტრათანამედროვე და ეკომეგობრული უბანი გააშენოს.

CNN-ის ინფორმაციით, ახალ დასახლებას Tengah-ს დაარქმევენ და მასში სულ 42 000 საცხოვრებელი სახლი იქნება. დასახლებაში არ იქნება ძალიან მაღალი შენობები, გამწვანებას კი დიდი ყურადღება დაეთმობა.

singa1-1612685125.jpg

განახლებადი რესურსები

დასახლება საჭირო ელექტროენერგიას თავად გამოიმუშავებს მზის ენერგიის მეშვეობით. მასში მხოლოდ ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილები ივლიან, რომელთა დასამუხტი პარკირებებიც თითოეულ სახლს ექნება.

ამასთან, ყოველ სახლს ექნება ე.წ. ჭკვიანი სისტემა, რომელიც მის მფლობელებს ენერგიის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და მის მართვაში დაეხმარება.

singa2-1612685143.jpg

ეკოლოგია

ახალ უბანში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიექცევა გამწვანებას. მის გარშემო 700 ჰექტარზე ხელოვნურ ტყეს გააშენებენ. უბნის თითოეულ კორპუსთან ახლოს კი მცირე ზომის ბაღი მოეწყობა.

Tengah-ში ავტომობილების რაოდენობა მაქსიმალურად იქნება შეზღუდული და უპირატესობა ველოსიპედებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ექნება.

singa4-1612685231.jpg

გრილი მდინარეები

დღესდღეობით სინგაპურის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას მაღალი ტემპერატურა წარმოადგენს, რომელიც გლობალური დათბობის გამო სულ უფრო იზრდება.

ამიტომ ახლა უბანში რამდენიმე ხელოვნურ არხს გააკეთებენ, სადაც მზის ენერგიის გამოყენებით წყლის ტემპერატურას შეამცირებენ. შედეგად კი ცივი მდინარეები ტემპერატურის ვარდნასა და ჰაერის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

singa3-1612685177.jpg

ბექა ბერიაშვილი