მსოფლიოში ნავთობის ფასი პანდემიამდელ მაჩვენებელს უბრუნდება

გასულ კვირას ნავთობზე ფასები გაიზარდა და ბოლო 12 თვის მაქსიმუმს მიაღწია. ნავთობზე ფასი ზრდას განაგრძობს დღესაც.

აღსანიშნავია, რომ Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი ლონდონის ICE Futures ბირჟაზე დილის 9:31 საათისთვის 60,05 დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც 0,71 დოლარით მეტია წინა დღის დახურვის სესიაზე არსებულ ფასზე. ეს არის მაქსიმალური ფასი 2020 წლის 19 იანვრის შემდეგ.

რაც შეეხება WTI მარკის ნავთობის ფასს, ნიუ-იორკის NYMEX ბირჟაზე მისი ფასი 0,62 დოლარით გაიზარდა და 57,47 დოლარი შეადგინა. ასეთი ძვირი ბოლოს ეს ნავთობი 2020 წლის 21 იანვარს ღირდა.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის ორივე სახეობაზე ფასი მთელი კვირის განმავლობაში იზრდებოდა. Brent -ის ფასი 7,8%-ით, ხოლო WTI - 8,9%-ით გაიზარდა.

ფასის ზრდის მთავარ ფაქტორად რჩება ჩინეთში მაღალი მოთხოვნა. 5 თებერვლის მონაცემებით ჩინური პორტებისკენ დაიძრა 127 ტანკერი, რომლებმაც ჯამურად 250 მლნ ბარელი ნავთობი გადაზიდეს - წერს სააგენტო Bloomberg. ბოლოს ჩინეთმა ამ ოდენობის ნავთობი პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინა.

კოკა კვირკველია