როგორ შეიცვალა ბიზნესის განწყობა და მოლოდინები მიმდინარე წელს

2021 წლის 1-ლი კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 32.1 პუნქტით გაიზარდა და 3.4-ს გაუტოლდა წინა კვარტალში საგრძნობი გაუარესების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა ყველა სექტორში, გარდა ვაჭრობისა. ყველაზე დიდი ზრდა სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება 2021 წლის 1-ლი კვარტლისთვის ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

„მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2020 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 12.4 პუნქტით გაიზარდა და 2021 წლის 1-ლი კვარტლისთვის -29.2-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნესსექტორი მომავლის მიმართ, 2021 წლის მე-4 კვარტლის გაუარესების შემდეგ მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა და 22.5 პუნქტს მიაღწია. 2021 წლის 1-ლი კვარტლისთვის მოლოდინების ზრდა ყველა ეკონომიკურ სექტორში დაფიქსირდა, გარდა ვაჭრობისა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი კვლავ გაიზარდა და 29.7 პუნქტს მიაღწია. ეს მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ ბიზნესების უფრო დიდი წილი ვარაუდობს ფასების გაზრდას საკუთარ პროდუქტზე. ფასების შემცირებას მხოლოდ სამშენებლო სექტორში ელოდებიან. მოთხოვნისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირე ბიზნესსაქმიანობისთვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად რჩება. 2021 წლის -ლი კვარტლისთვის მნიშვნელოვანი გახდა "სხვა" ფაქტორებიც, რაც შესაძლოა COVID-19-ის მეორე ტალღის შესაბამის შეზღუდვებზე მიუთითებდეს,“-აღნიშნულია „აისეტის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი