საქართველოში დოლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია

საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის მეოთხე კვარტალში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და აღნიშნულმა მაჩვენებელმა 62.7% შეადგინა. ანუ გამოდის, რომ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების 62.7% ამერიკულ დოლარშია ნომინირებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო, უფრო კონკრეტულად, 2016 წლის მეოთხე კვარტალში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 69.8%-ს შეადგინდა. 2017 წელს სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, რადგან დოლარიზაცია დაახლოებით 65%-მდე შემცირდა, 2018 წელს 62%-მდე, თუმცა, 2019 წლის II კვარტალიდან კვლავ ზრდა დაიწყო და 2020 წლის დეკემბერში დეპოზიტებზე აღნიშნულმა მაჩვენებელმა 62.7% შეადგინა.

რაც შეეხება სესხების დოლარიზაციას, როგორც დოკუმენტიდან ვკითხულობთ, გასული წლის მეოთხე კვარტალში სესხების დოლარიზაცია 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა ისევ მაღალ 55.5%-იან ნიშნულზე ნარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ უკვე წლებია რაც ეროვნული ბანკი ლარიზაციის ანუ იგივე დედოლარიზაციის პოლიტიკას ატარებს, თუმცა როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ჯერ მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე