როგორ ახერხებენ ბიზნესები ახალ დარგში შესასვლელად კაპიტალის მოძიებას? – „გურია ექსპრესისა“ და „ცერერას“ ისტორია

ხორბალს უმხვილესი საიმპორტო საქონლის ათეულში 1.1%-იანი წილი უჭირავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადგილობრივი ბაზრისთვის უმნიშვნელოვანეს ნედლეულს წარმოადგენს.

მის გადამუშავებასა და წარმოებაში ჩაშვების პროცესში კი ასობით ადამიანია დასაქმებული.

ხორბალზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიები ახერხებენ, ბიზნესი კიდევ უფრო გააფართოვონ და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნონ. საქართველოში ხორბლის გადამამუშავებელი მსხვილი საწარმოები - „გურია ექსპრესი“და „ცერერა“, დასავლეთ რეგიონების გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობის სტაბილური დამსაქმებლები და ბაზრის მნიშვნელოვანი მომმარაგებლები არიან. მაგალითად, „ცერერას“ წისქვილი დღე-ღამეში 300 ტონა ხორბლის პროდუქციას აწარმოებს. ჯამურად თვეში კი მუშავდება და რეალიზაციაზე გადის 4500 ტონამდე მზა პროდუქტი. ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის რეალიზაციის მიმართულებით აღნიშნული კომპანიის ხვედრითი წილი 10-12%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, მიწოდებას კი თავად კომპანია უზრუნველყოფს.

xorbaaal-1612771078.jpg

მიუხედავად იმისა, რომ როგორც „გურია ექსპრესი“, ისე „ცერერა“ წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბდა, მათ ნედლეულის შესაძენად მაინც ესაჭიროებათ დამატებით კაპიტალზე წვდომა, რასაც „საქართველოს ბანკის“ დახმარებით ახერხებენ. უფრო კონკრეტულად, გასულ ზაფხულს „გურია ექსპრესმა“ ევროპის საინვესტიციო ბანკისა და „საქართველოს ბანკის“ დახმარებით შეღავათიან პროცენტში გაცემული სესხით ისარგებლა. 3 მილიონი ლარის რესურსით კი 3 000 ტონა ხორბალი შეისყიდა, რამდენიმე თვის მარაგი შექმნა და მარჟების შენარჩუნებაც შეძლო. „ცერერამ“ კი ჯერ 2011 წელს განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, 2014 წელს კი 22 000 ტონიანი ხორბლის საცავი ააშენა, ინვესტიციის მოცულობამ 900 000 დოლარი შეადგინა, საიდანაც 750 000 დოლარი „საქართველოს ბანკის“ ფინანსური თანამონაწილეობა იყო.

„უკვე 22 წელია, „გურია ექსპრესი“ საქართველოში ცნობილია და ხარისხით გამოირჩევა. ჩვენ ყოველთვის ხარისხიანი ხორბალი შემოგვაქვს, რისთვისაც ძვირის გადახდასაც არ ვერიდებით. თვითონ საწარმოში დასაქმებულია 50 ადამიანი, თუმცა ამას გარდა გვაქვს სადისტრიბუციო ქსელიც, რომელიც კიდევ უამრავ დასაქმებულს ითვლის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეუფერხებლად მუშაობა და ნედლეულის დროულად შესაძენად ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რაშიც მნიშვნელოვან დახმარებას „საქართველოს ბანკი“ გვიწევს“, - აღნიშნა „გურია ექსპრესის“ დირექტორმა ფატიჰ იშიკმა.

xrbaaal-1612771197.jpg

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესები, რომელთაც საბანკო სექტორის მეშვეობით კაპიტალზე წვდომა აქვთ და სწორი მენეჯმენტის მეშვეობით სწრაფად იზრდებიან, სხვა მიმართულებითაც იწყებენ საქმიანობას, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ორივე კომპანიას „საქართველოს ბანკთან“ 10-15 წლიანი ურთიერთობის გამოცდილება აქვს. ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბებულმა ნდობამ ბანკს საშუალება მისცა, „ცერერასა“ და „გურია ექსპრესისთვის“ განსხვავებული პროფილის ბიზნესების დაფინანსებაში გაეწია მხარდაჭერა.

„ცერერას“ დამფუძნებელი და დირექტორი ბესიკ ხაინდრავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, რომ 2018 წელს კომპანიამ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, რომელშიც „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებამ 2.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სამუშაოები უკვე დასრულების პროცესშია. „საქართველოს ბანკის“ ჩართულობამ კი მშენებლობის მაღალი ხარისხი და დათქმულ ვადებში დასრულების შესაძლებლობა უზრუნველყო. ამასთან, ბიზნესს საშუალება მიეცა, ახალი სამუშაო ადგილები შეექმნა.

„დეველოპერულ ბიზნესში დასაქმებული გვყავს დაახლოებით 50 ადამიანი. პროექტი უკვე დასრულების პირასაა და ჩვენთვის ეს წამოწყება ძალიან მნიშვნელოვანია. ხორბლის ბიზნესის განვითარებას გარკვეული ზღვარი აქვს და როცა მას მიაღწევ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპი და სტაბილურობა შეინარჩუნო. ხორბლის ბიზნესის განვითარებამ მოგვცა ახალი რესურსები, რომ სხვა სექტორშიც შევსულიყავით და ამისათვის „საქართველოს ბანკისგან“ მივიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, - აღნიშნა ბესიკ ხაინდრავამ.

„გურია ექსპრესის“ შემთხვევაში კი ბიზნესი კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორში შევიდა, ახალი სამუშაო ადგილები შექმნა და დაარსებიდან - 2019 წლის ბოლოდან დღემდე, სტაბილურობას ინარჩუნებს. ეს არის თაბაშირ-მუყაოს დასამაგრებელი კონსტრუქციების პროფილების საწარმო, რომლის მშენებლობისთვისაც „საქართველოს ბანკს“ ფინანსური რესურსი წინასწარ გამოყოფილი ჰქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში, „გურია ექსპრესმა“ 1 მილიონი დოლარის კაპიტალი თავად დახარჯა.

„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი ქარხანა ავამუშავეთ, ინვესტიცია განვახორციელეთ და ახალ დარგშიც წარმატებულები ვართ. საწარმოში დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შევქმენით“, - განაცხადა „გურია ექსპრესის“ დირექტორმა ფატიჰ იშიკმა.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის კრიზისმა ბიზნესების მუშაობის სპეციფიკასა და მათ შემოსავლებზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა, ორივე საწარმო ფუნქციონირებას შეუფერხებლად განაგრძობს და როგორც თავად აღნიშნავენ, სამომავლოდ, ზრდასაც გეგმავენ. რაც მთავარია, წლების განმავლობაში სტაბილურმა განვითარებამ საბანკო სექტორში სანდო პარტნიორის შეძენის საშუალებაც მისცათ, რაც დამატებით საიმედოობის განცდას აძლევთ.