ნაკლები ტანსაცმელი და მეტი ჰიგიენური საშუალებები - როგორ ცვლის მომხმარებლების ჩვევებს covid-19

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მთელ მსოფლიოში თითქმის ერთი წელია მოქმედებს და სხვადასხვა პროგნოზით თუ ვიმსჯელებთ, რეალური შემსუბუქება მხოლოდ ზაფხულშია მოსალოდნელი.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ დროის განმავლობაში კი მომხმარებლებმა ჩვევები მთლიანად შეცვალეს - ნაკლები დრო და ხარჯები თავის მოვლას, დიდი დრო და ფინანსები სახლს.

მაგალითად, ამერიკასა და ევროპაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გაყიდვები 40% -ზე მეტით შემცირდა. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებს წასასვლელი უბრალოდ, არსად აქვთ. არ გაიყიდა მზისგან დამცავი საშუალებები. 25%-ით შემცირდა კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვები, რადგან „ზუმში“ მაინც არ ჩანს კარგად, აქვს თუ არა ქალს მაკიაჟი გაკეთებული - წერს გამოცემა.

დასავლეთის უმსხვილესი აუდიტორული კომპანიები ერთი წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებას და აღწერდნენ იმას, რაც ადრე წარმოუდგენლად ჩანდა.

მაგალითად, ფეხსაცმლის გაყიდვები შემცირდა 30% -ით, ხოლო ტანსაცმლის გაყიდვები შემცირდა საშუალოდ 20% -ით. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტანსაცმლის ბრენდი, შვედური H&M აცხადებს, რომ 2020 წელს გაყიდვები 18% -ით შეუმცირდა.

საკონსულტაციო კომპანია Deloitte- ს მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ახალი ავეჯის შესყიდვები 25% -ით შემცირდა, სამკაულების - 20%. ანალიტიკოსები ამას მიაწერენ იმ ფაქტს, რომ ხალხს ამ ტიპის პროდუქტის არჩევა მაღაზიებში პირადად უყვარს, მაგრამ 2020 წლის მარტიდან მათ პრაქტიკულად, ასეთი შესაძლებლობა არ აქვთ.

გამოცემის ცნობით, შემცირებულია ელექტროენერგიის მოხმარებას. კერძოდ, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო, რომელიც 1970 – იანი წლების შუა პერიოდიდან აკვირდებოდა ყველა სახის ენერგიის მოხმარებას, აცხადებს, რომ დახურული ოფისებისა და სავაჭრო ცენტრების გამო, ენერგიის საერთო მოხმარება 20% –ით შემცირდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ონლაინ-შესყიდვები. მაგალითად, ბრიტანეთში 9%-დან 60%-მდე მოიმატა ონლაინ-გაყიდვებმა.

საინვესტიციო ჯგუფის JP Morgan– ის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ გაზრდილია სახლის საწმენდ, ჰიგიენურ საშუალებებზე მოთხოვნა. ზრდა დაახლოებით 33%-ია. ჭურჭლის სარეცხი მანქანების რეალიზაცია 40% -ით გაიზარდა და გახდა 2020 წლის ყველაზე პოპულარული საყოფაცხოვრებო მოწყობილობა აშშ-სა და ევროპაში.

2020 წელს 30%-ით მოიმატა თმის საღებავების რეალიზაციამ, რამდენადაც სალონები თითქმის მთელი წლის განმავლობაში დახურული იყო და ხალხი თმას სახლის პირობებში იღებავდა.

და, როგორც ჩანს, მთავარი პრობლემა 2020 წელს იყო ალკოჰოლის მოხმარების ზრდა. JP Morgan-ის კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში სპირტიან სასმელებზე მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ღვინოსა და ლუდზე 20%-ით გაიზარდა - წერს „ბიბისი“.