თუ ხელისუფლება არ დაგვიდგა გვერდით, ამ ნიშას რომელიმე მეზობელი ქვეყანა აითვისებს - რას ითხოვენ ავტო-იმპორტიორები მთავრობისგან

თუ ხელისუფლება არ დაგვიდგა გვერდით, ეს ბიზნესი მოკვდება და რომელიმე მეზობელი ქვეყანა აითვისებს ამ ნიშას, რომლის ბრუნვაც ასეულობით მილიონი დოლარია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა განუცხადა. მისი თქმით, პანდემიის გამო ძალიან ბევრმა კომპანიამ ოპერირება უკვე შეაჩერა.

„ეკონომიკის სამინისტროს და პარლამენტს უკვე მეორედ მივმართეთ წერილით, პირველზე პასუხი ლაშა ხუციშვილისგან მივიღეთ, რომ ჩვენ საქართველოს ავტოიმპორტიორებს უნდა გაგვეთვალა კორონასგან გამოწვეული ეკონომიკური რისკები. არადა, დიდი ქვეყნების ეკონომიკებმა და მსოფლიოში ყველაზე დიდმა კომპანიებმა ვერ შეძლეს ამ რისკების გადაზღვევა. ახლა, ვითხოვთ 1 000 ლარიანი ჯარიმების განულებას, პირველი მაისის შემდეგ შემოყვანილი ავტომობილებისთვისაც განბაჟების ვადამ გადაიწიოს 2021 წლის ბოლომდე. ჩვენ ვიყავით ძალიან დიდი კონტრიბუტორი ბიუჯეტში და თუ ხელისუფლება არ დაგვიდგა გვერდით, ეს ბიზნესი მოკვდება და რომელიმე მეზობელი ქვეყანა აითვისებს ამ ნიშას, რომლის ბრუნვაც ასეულობით მილიონი დოლარია.

ჩვენ ვავსებდით სახელმწიფო ხაზინას. წლების განმავლობაში ჩვენ არ გვითხოვია შეღავათები, ახლა ვითხოვთ მინიმალურ შეღავათებს იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი ოჯახები და ბიუჯეტში შევიტანოთ ფული“, - განაცხადა დარბაისელმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა საავტომობილო ბიზნესი. შემცირდა როგორც შიდა რეალიზაცია, ასევე რეექსპორტიც. უფრო კონკრეტულად, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ბაზარმა 2020 წელს 404,1 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი 44.8%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ რეექსპორტიდან შემოსავალი 732,8 მლნ დოლარი იყო.

თამარ მუკბანიანი