საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4.101 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
ბოლო ერთ წელიწადში, სარეზერვო აქტივების მოცულობა 619,2 მლნ დოლარით არის გაზრდილი, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების ჩამორიცხვებია.
2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით რეზერვების მთლიანი მოცულობა 3,482 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4,101 მლრდ დოლარს.
რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, აქ ზრდა 607,7 მლნ დოლარია. კერძოდ, 2020 წლის 31 იანვრისთვის სავალუტო რეზერვების მოცულობა შეადგენდა 3,283 მლრდ დოლარს, ერთი წლის შემდეგ კი 3,891 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, მთლიანი სავალუტო რეზერვებიდან 2,507 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებშია, 1,384 მლრდ დოლარი კი ნაღდი უცხოური ვალუტაა.