დღეიდან გორში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოებას დროებით უფასოდ მოემსახურება,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები 10 მარშრუტზე, დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმოძრავებენ.
„ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული 25 ახალი ავტობუსი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას, აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ავტობუსებში დაცული იქნება რეკომენდაციები COVID-19-ის პრევენციისთვის. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ.
Euro 5 სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები გორს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა. უახლოეს მომავალში გორის მუნიციპალიტეტს კიდევ 5 სატრანსპორტო საშუალება გადაეცემა. პროექტი საშუალებას მისცემს მოსახლეობას ისარგებლონ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.