რუსეთის მეხორბლეთა ასოციაცია ხორბლის ექსპორტზე დამატებითი გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ეს საერთაშორისო ბაზრებზე მომხმარებლებს აფრთხობს. ამიტომ, ისინი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვენ, რომ ექსპორტის გამკაცრებას მხარი არ დაუჭიროს.
როგორც ცნობილია, 1-ლი მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით რუსულ საექსპორტო ხორბალზე გადასახადი ტონაზე 50 ევროთი განისაზღვრება.
„რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც ბოლო დროს გადაიდგა ხორბლის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის შეზღუდვით, მომხმარებლებს აფრთხობს და ზრდის მასზე ფასს“ - ამის შესახებ რუსეთის მეხორბლეთა ასოციაციის პრეზიდენტი არკადი ზლოჩევსკი აცხადებს.
„მიმდინარე სეზონი (2020 ივლისი - 2021 ივნისი) რუსეთის ბაზარზე დაიწყო ერთ ტონა ხორბალზე 220 დოლარით, დღეს ის 285 ღირს. რამ იმოქმედა? ჩვენი შეფასებით 30-40% ეს არის მსოფლიოში მოთხოვნის ზრდის ტრენდის ბრალი, დანარჩენი კი ჩვენი შეზღუდვების“ - განაცხადა ზლოჩევსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ეს შეზღუდვები „აფრთხობს მომხმარებლებს“, ზრდის პირველ რიგში რუსულ ხორბალზე დამატებით მოთხოვნას. ეს კი ქმნის ერთგვარ აჟიოტაჟს მომხმარებლებში, ისინი იწყებენ შესყიდვების გააქტიურებას და მოთხოვნის გადამისამართებას კონკურენტებზე. შედეგად ფასი იზრდება უცხოეთშიც და ფორმირდება საერთო ზრდის ტრენდი. „თუმცა ამ 220 და 285 დოლარს შორის სხვაობაში ჩვენი წილი მეტია, ვიდრე ზოგადი ტრენდის, პანდემიის და ა.შ.“ - აცხადებს ის.
როგორც მან განმარტა, მცურავი საბაჟო ტარიფი და ექსპორტის შეზღუდვა იწვევს დამატებით ფასის ზრდას და მსოფლიო ბაზრის აჟიოტაჟს. „მაგრამ საბოლოოდ ეს აისახება ადგილობრივ წარმოებაზეც. ასეთი სისტემური მანქანა ფულს აცლის გლეხობას და სერიოზულად იმოქმედებს მათი წარმოების გეგმებზე, პირველ რიგში კი წარმოებას და სათეს მიწებს გარანტირებულად შეამცირებს“ - აცხადებს ის.
მისივე თქმით, ამ პირობებში ერთადერთ იმედად რჩება ამ წლის ნაზამთრევი მოსავალი, რომელიც დათესილი იყო 19 მილიონ ჰექტარზე. „სწორედ ეს გახლავთ ფუნდამენტი მომავალი მოსავლის. თუმცა ამავდროულად მაღალრისკიანი. ზამთარი ცუდად არ მიდის, თუმცა ჯერ საჭიროა ის დასრულდეს. აი შემდეგი მოსავალი კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ფასის ზრდა არ არის მიბმული თვითღირებულების ზრდასთან, არამედ მსოფლიო ბაზრის კონიუქტურასთან და ჩვენ იძულებულნი ვართ, ავეწყოთ მსოფლიო ბაზრის მიხედვით“, - განაცხადა მან.
როგორც ზლოჩევსკი აცხადებს, თუ გამოვითვლით მსოფლიოში არსებულ ფასს ხორბალზე და ყველა დანახარჯს, მათ შორის საბაჟო ტარიფის ოდენობას, მაშინ ხორბლის დათესვა არამომგებიანი იქნება. მანვე განმარტა, რომ ხორბლის მოსაყვანად ხარჯები ივნისიდან მოყოლებული გაზრდილია 16%-ით. ფასები გაზრდილია აბსოლუტურად ყველა რესურსზე. „ამის პარალელურად კი მიიღება სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ხორბლის წარმოების თვითღირებულებაზე“ - განაცხადა მან და დააზუსტა, რომ გულისხმობს სოფლის მეურნეობის ტექნიკაზე საუტილიზაციო მოსაკრებლის მკვეთრ ზრდას მიმდინარე წელს.