"Open Data Watch"-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას - ეს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა"

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ორგანიზაცია "Open Data Watch"-ის ანგარიშის მიხედვით, ოფიციალური სტატისტიკის სისტემის შეფასებით, საქართველოს რეიტინგი წინა პერიოდთან შედარებით 8 პოზიციით გაუმჯობესდა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 39-დან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა.

მისივე თქმით, ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა) და ისტორიაში პირველად, ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში სახელდება. თოდრაძის შეფასებით, ეს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ორგანიზაცია "Open Data Watch" წარმოადგენს დამოუკიდებელ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც გაეროს სტატისტიკის კომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პარტნიორია. ის მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასებას ახორციელებს პერიოდულად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა საერთაშორისო მეთოდოლოგიებთან შესაბამისობა, მოცვის ხარისხი, გამჭვირვალობა და სტატისტიკურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა.