კომპანია Facebook-ი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს.
„კოვიდ 19-თან, მის საწინააღმდეგო ვაქცინებთან და ზოგადად, პანდემიის დროს ვაქცინებთან დაკავშირებით, ცრუ განცხადებების Facebook- სა და Instagram- დან ამოსაშლელად ძალისხმევას ვაძლიერებთ. წამყვან სამედიცინო ორგანიზაციებთან, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), კონსულტაციების შემდეგ, ვაფართოვებთ ყალბი განცხადებების ჩამონათვალს, რომლებსაც ამოვშლით,”- ნათქვამია Facebook- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის განმარტებით, ცრუ განცხადებები მოიცავს შემდეგი შინაარსის ინფორმაციას: კორონავირუსი ლაბორატორიულად შექმნილია, ვაქცინები არ არის ეფექტური დაავადების თავიდან ასაცილებლად, ინფიცირება ვაქცინაციაზე უფრო უსაფრთხოა, ვაქცინები ტოქსიკურია, საშიშია ან აუტიზმს იწვევს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯგუფები, გვერდები და ანგარიშები Facebook- სა და Instagram- ზე, რომლებიც აღნიშნული შინაარსის განცხადებებს აზიარებენ, შეიძლება საერთოდ წაიშალოს.