თბილისი სტარტაპ ბიურო და „კედარი ვენჩერსი“ სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ორგანიზაციებმა სტრატეგიული პარტნიორების დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერს. ამასთან, მიმდინარე პროგრამების განვითარებისა და ახალი ერთობლივი პროექტების წამოწყების მიზნით, „კედარი ვენჩერსმა“ შეისყიდა თბილისი სტატაპ ბიუროს წილი და ორგანიზაცის მმართველ საბჭოს შეუერთდა.
აღნიშნული პარტნიორობა დააჩქარებს როგორც ბიუროს დინამიურ ზრდას და დადებით ზეგავლენას მოახდენს ქართულ სამეწარმეო ეკოსისტემაზე, ასევე შექმნის სინერგიას ბიუროს პროგრამებსა და „კედარის“ პორტფელის კომპანიებს შორის.
„კედარი ვენჩერსთან ჩვენი კოლაბორაცია ჯერ კიდევ სტარტაპ ბიუროს დაფუძნების დღიდანვე დაიწყო, ახლა კი მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობა ახალ სტრატეგიულ საფეხურზე გადავიდა,“ - აცხადებს თბილისი სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გური ქოიავა.
”ეს პარტნიორობა უზრუნველყოფს Kedari Ventures - ის საინვესტიციო გარიგებების სისტემური და დაჩქარებული ტემპით წარმოებას და ამავდროულად, დაეხმარება სტარტაპ ბიუროს ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში, გეოგრაფიული არეალის გაფართოებაში საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ,” - აცხადებს თბილისი სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი და კომერციული დირექტორი ჰაიკ ასრიანცი.
”როგორც ვენჩურული კაპიტალის ფონდი, ბევრ სინერგიას ვხედავთ ჩვენსა და თბილისი სტარტაპ ბიუროს შორის და გვაქვს მზაობა, ერთობლივი ძალებით დავიწყოთ ფართომასშტაბური პროექტების განხორციელება. ეს პარტნიორობა დააჩქარებს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ქართველი მეწარმეებისთვის ”, - აცხადებს Kedari Ventures-ის მმართველი პარტნიორი და თბილისი სტარტაპ ბიუროს ახლად დანიშნული საბჭოს წევრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
Tbilisi Startup Bureau ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.
Kedari Ventures ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომლის დანიშნულებაა შექმნას, მოიძიოს და განავითაროს ციფრული პლატფორმები, რომლებიც უმარტივებს ცხოვრებას ადამიანებს და გააჩნია გლობალურ ბაზარზე განვითარების შესაძლებლობა. დღესდღეობით „კედარი“-ს სწრაფად მზარდი პორტფელი 15 კომპანიას აერთიანებს და ზრუნავს მათ ფართომასშტაბიან პროექტებად გარდაქმნაზე.
Kedari Ventures ასევე აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებაზე და სწორედ ამიტომ, პორტფელის დიდი ნაწილი სწორედ მომხმარებლის ელექტრონული კომერციის ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში მომუშავე კომპანიებისგან შედგება.