ერთ თვეში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება - „შეკვეთები უკვე მიღებული გვაქვს“

ერთ თვეში ქარელის რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „აგრობადეს“დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანიას 100-მდე ჰექტრის ბადეების შეკვეთა უკვე მიღებული აქვს და ქარხანა 24-საათიანი დატვირთვით იმუშავებს.

ამასთან, როგორც ავთანდილ მაისურაძე განმარტავს, საწარმოში მინიმუმ 20 ადამიანი დასაქმდება, პროექტის სინვესტიციო ღირებულება კი 0.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სეტყვისა და მზისგან დამცავი ბადეების წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა. კერძოდ, ავთანდილ მაისურაძე ასევე წარმოადგენს კომპანია AntGeo-ს, რომლის საქმიანობაც ბადეებისა და სარწყავი სისტემების დამონტაჟებაა. კომპანიამ შეისწავლა არა მხოლოდ ქართული ბაზრის, არამედ მთლიანი რეგიონის საჭიროებები, შესაბამისად, ის მეზობელი ქვეყნების მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.

„წარმოება ჯერ არ დაწყებულა. კონავირუსის გამო შეფერხდა. თუმცა, ქარხნის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. 24-საათიანი დატვირთვით იმუშავებს, იქნება 3 სმენა და მინიმუმ, 20 ადამიანი დასაქმდება.

მოთხოვნა ძალიან დიდია. შეკვეთები უკვე მიღებული გვაქვს. დაახლოებით, 100 ჰექტრის ბადეებზეა საუბარი. სხვადასხვა ბენეფიციარები არიან შიდა ქართლში, რომლებიც აშენებენ ხეხილის ბაღებს.

ვაპირებთ, რეგიონის ქვეყნებთან თანაშრომლობასაც, უბრალოდ, თუ გზები არ გაიხნა, ეს პროცესი ცოტა გადაიდება.

რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, ნახევარი მლნ აშშ დოლარია“,- ამბობს ავთანდილ მაისურაძე.

ნინი ქეთელაური