Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 134.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 134.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მათ შორის, აშშ-ში 43.1 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 13.1%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 31.2 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 2.23%-ს შეადგენს.

ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 17 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 3-3.5 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.6 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 62%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 41% და 19.1%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.