USAID საქართველომ და „რითეილ ასოციაციამ“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 12 სასურსათო ქსელურ მარკეტს აერთიანებს, ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმი ქართული ნაწარმის ქსელურ სუპერმარკეტებში მოსახვედრად ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში USAID საქართველო და „რითეილ ასოციაცია“ ქართული პროდუქციის უკეთ რეალიზაციისა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ.
მათ შორის, „რითეილ ასოციაციის“ მხრიდან ადგილობრივ მეწარმეებს ტრენინგების მეშვეობით სრულად მიეწოდებათ ინფორმაცია საცალო ვაჭრობისა და ქსელურ მაღაზიებთან თანამშრომლობის სპეციფიკის შესახებ. ტრენინგები კოვიდ რეგულაციების შესაბამისად, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით ჩატარდება და შემდეგ „რითეილ ასოციაციისა“ და USAID საქართველოს „ფეისბუქ“ გვერდებზე გასაჯაროვდება, რათა ყველას ჰქონდეს მასზე წვდომა.
ამასთან, „რითეილ ასოციაცია“ და USAID საქართველო წარუძღვებიან კამპანიას „ქართულია და კარგია“, რომლის ფარგლებშიც სასურსათო ქსელური სუპერმარკეტები ადგილობრივი პროდუქციისთვის თაროებს სპეციალურად გამოყოფენ.
როგორც „რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძე განმარტავს, საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის ქსელურ მარკეტები მიუწვდომელია, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებენ გარკვეულ სტანდარტებს. მისი თქმით, აღნიშნული მოსაზრება წარმოადგენს მითს და პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მეწარმეები ამაში დარწმუნდებიან.
„რითეილ ასოციაციაში“ შემავალი 12-ვე წევრი, ბუნებრივია, ყველა მეწარმესთან ინდივიდუალურად გაივლის კონსულტაციას. ეს იქნება ორ მხარეს შორის კომერციული გარიგება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ შორის დიალოგი შედგეს და შეთანხმებას მიაღწიონ“, - აღნიშნავს მირანდა მანჯგალაძე.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, სუპერმარკეტების თაროებზე მოხვდება არამალფუჭებადი პროდუქცია, მოგვიანებით კი ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი გახდება.
USAID საქართველოსა და „რითეილ ასოციაციის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ასევე, გადამზადდებიან ქსელური მარკეტების ხარისხის კონტროლის თანამშრომლები, რომლებიც სურსათის უვნებლობის შესახებ კიდევ ერთხელ მიიღებენ ინფორმაციას. მირანდა მანჯგალაძის განმარტებით, სასურსათო ქსელურ მარკეტებს დანერგილი აქვთ სურსათის ხარისხის კონტროლის მექანიზმი, რომელზეც დიდი ფინანსური რესურსი იხარჯება. ასევე, ისინი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მუდმივად კონტროლდებიან.
„მიუხედავად ამისა, სასურსათო ქსელური მარკეტების თანამშრომლები პროექტის ფარგლებში კიდევ ერთხელ მიიღებენ პროდუქტის ხარისხის კონტროლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც მომხმარებლის ინტერესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს ის.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამების საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მენეჯერი პაატა შეყელაძე განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე, პროექტისთვის შეირჩევიან ის ბენეფიციარები, რომლებიც ქსელურ მარკეტებში მოსახვედრად დაწესებულ სტანდარტს დააკმაყოფილებენ. „ჩვენ ხელს ვუწყობთ ბენეფიციარებს, როგორც თავიანთი პროდუქციის წარმოებაში, ისე სტანდარტების დაცვის კუთხითაც. ასევე, ვერთვებით ბრენდირების, შეფუთვის და ბაზარზე განთავსების პროცესებშიც. ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ ეხმარება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამები ადგილობრივ ბიზნესს დაწყებული წარმოების პროცესიდან, პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანით დასრულებული“, - განმარტავს პაატა შეყელაძე.
პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, დეტალურად მიიღონ ბიზნესის წარმატებით მართვისთვის საჭირო ინფორმაცია, ასევე, თავიანთი პროდუქცია მიიტანონ ფართო მომხმარებლამდე მთელი საქართველოს მასშტაბით და სპეციალურად მათთვის განკუთვნილ თაროებზე და სწრაფად გაზარდონ შემოსავლები.