„თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისისთვის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ათეულების ფარგლებში იქნება"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისის თვისთვის დღიური შემთხვევების ოდენობა ათეულების ფარგლებში იქნება.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არ უნდა მოვდუნდეთ იმ რეკომენდაციებთან და რეგულაციებთან მიმართებით, რაც არის. ორი დღის წინ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტმა მონაცემები განაახლა და ჩვენ ისევ ვრჩებით პირბადის ტარების მაჩვენებლით 72%-ზე. ეს კარგია, 45%-დან ავედით 72%-ზე. იქ არის პროგნოზი, თუ ავალთ 95%-ზე, მაშინ მაისისთვის ჩვენ ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვს შევამცირებთ და გვექნება ათეულების ფარგლებში, 10, 20, 30. ეს არის მარტივი ღონისძიება, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს. პირბადის სწორად და ყველგან ტარება დღეს გახლავთ ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალება და ეს არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გამყრელიძემ.