„ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს"

ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არავითარი თვითდამშვიდების საშუალებასა და უფლებას არ გვაძლევს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზე მიუთითებს, თანდათან უმჯობესდება, მათ შორის, ინციდენტობისა და დადებითობის მაჩვენებელი, თუმცა, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია ყველა არსებული რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვა, რადგან ის დღიური მაჩვენებელიც კი, რომელიც ქვეყანაში თუნდაც დღეს დაფიქსირდა, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც მიუთითებს ეპიდსიტუაციაზე ქვეყანაში, თანდათან უმჯობესდება. ეს არის, ვთქვათ, ინციდენტობა ანუ 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევები, რომელიც ბოლო 14 დღისა და ბოლო 7 დღის განმავლობაში სერიოზულად არის გაუმჯობესებული. დახლოებით, 10-ჯერაა შემცირებული ინციდენტობა ნოემბერ-დეკემბრის პირველი კვირის მონაცემებთან შედარებით. შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, ასევე, დაახლოებით, 7-8-ჯერ, როგორც 7 დღიანი, ისე 14 დღიანი მონაცემები. დღეს გვაქვს 4,52 % დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 3,63% და 14 დღის - 3,74 და მთლიანად იანვარ-თებერვალში -6,6% და მოგეხსენებათ ეს მაჩვენებელი ჩვენ ნოემბრის ბოლოს დეკემბრის შუა რიცხვებში გვქონდა 25%-დან 33-34 %-ის ფარგლებში. ყველა ეს ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არავითარი თვითდამშვიდების საშუალებასა და უფლებას არ გვაძლევს, იმიტომ, რომ 829 შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, არის მნიშვნელოვანი ჩვენი პატარა ქვეყნისთვის და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ და განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა ვიყოთ. ამიტომ, არავითარი მოდუნება არ უნდა იყოს იმ რეგულაციებთან და რეკომენდაციებთან მიმართებით, რაც არის,“- განაცხადა გამყრელიძემ.