სახელმწიფო ძალიან დადებითად უყურებს, თუ ვაქცინაციაში კერძო სექტორიც ჩაერთვება, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, თუ როგორ უყურებს სახელმწიფო კერძო სექტორის ვაქცინაციის პროცესში ჩართვას.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები კერძო სექტორს ხელშეკრულებებს არ უფორმებენ.
„მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს კერძო სექტორთან. ზოგადად, ქვეყანაში თითქმის ჩატარებული ვაქცინაციის 97-98%, მოდის სახელმწიფოს ხარჯზე. ყველა ვაქცინა, რაც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შემოდის, არის სახელმწიფოს ხარჯზე. კერძო სექტორი მონაწილეობს დაახლოებით 2-3 ვაქცინის შემოტანაში და ძირითადად ეს არის გრიპის ვაქცინა. წელს სახელმწიფომ იყიდა 235 000 გრიპის ვაქცინა და კერძო სექტორმა შემოიტანა 40 000-50 000 მდე. რაც შეეხება კოვიდს, ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს და თუ მათ საშუალება აქვთ -კი, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, თვითონ მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ეს დაიწყება ალბათ მაისი-ივნისის შემდეგ. არავინ ხელს არ უშლის, პირიქით ხელს უწყობენ. ზოგადად ვაქცინების წარმოებაში ჯერჯერობით სერიოზული ჩამორჩენაა. მათ ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილეს ევროკავშირის მოთხოვნა, ვერ დააკმაყოფილეს კოვაქსის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისე სწრაფად იზრდება სიმძლავრეები, რომ თებერვალში-მარტში-აპრილში წარმოება დაეწევა იმ სიმძლავრეებს, რაც იყო დაგეგმილი. როცა სახელმწიფოების მიმართ ვალდებულებები შესრულდება, რა თქმა უნდა, იქნება კერძო ინიციატივებიც. ბევრი კერძო კომპანია ჩვენც გვიკავშირდება, არაქართული, არამედ უცხოური. მაგრამ, მოგეხსენებათ, წამლის და ვაქცინის წარმოებაში დაახლოებით 10% არის ე.წ. ფალსიფიცირებული წამლები. წამლის მსოფლიო ბრუნვა არის დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარი და წარმოიდგინეთ, იქიდან ას მილიარდ დოლარამდე გახლავთ ფალსიფიცირება. როცა ასეთი ე.წ. „ემერჯენსი“ სიტუაციაა, რა თქმა უნდა, დიდია ცდუნება ფალსიფიცირების. ჩინეთშიც იყო შემთხვევები, ახლო აღმოსავლეთშიც, სადაც თაღლითები ცდილობენ გაასაღონ ფალსიფიცირებული და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ ჩვენ საქმეს ვიჭერთ ძირითადად სახელმწიფოებთან და მწარმოებლებთან.“, - განაცხადა გამყრელიძემ.