უკვე შერჩეულია 14 000-მდე ადამიანი, რომელიც პირველ ეტაპზე აიცრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აცრები თბილისის 5 და კიდევ სარეზერვოდ რამდენიმე დაწესებულებაში, ასევე ქუთაისის ორ და ბათუმის 1 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება.
„პირველ ეტაპზე „კოვაქსისგან“ არის დადასტურება, რომ „ფაიზერის“ ლიმიტირებული დოზა 29 250 უნდა შემოვიდეს თებერვლის ბოლო დეკადაში და მიმდინარეობს ამაზე „კოვაქსთან“ ყოველდღიური კომუნიკაცია, ამისთვის სახელმწიფო სერიოზულად მოემზადა. მოგეხსენებათ, რომ პირველი, რადგან „ფაიზერი“ მოითხოვს 70-80 გრადუსიან ცივ ჯაჭვს, აცრები მოხდება მხოლოდ სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ასევე შერჩეულია უკვე კლინიკებიც, რადგან პირველი ეტაპი აცრებისა მოხდება ჰოსპიტალურ სექტორში. ასევე შექმნილია სპეციალური პორტალი, სადაც უკვე ატვირთულია 75 000-მდე სამედიცინო მუშაკის მონაცემები, ვინც პირველ ეტაპზე იცრებიან.
პირველი ლიმიტირებული დოზა ჰყოფნის დაახლოებით 14 000-მდე სამედიცინო მუშაკს, მხედველობაშია ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ჩვენ მოვახდინეთ ამ პრიორიტეტის კიდევ უფრო პრიორიტატიზაცია, ანუ შერჩეულია უკვე ეს 14 000-მდე ადამიანი იმ კრიტერიუმებით, რაც შედგენილი იყო ანუ ყველაზე მაღალი რისკის მქონე ვინც იყო კოვიდთან მუშაობაში. ამ ადამიანებთან უკვე ხვალიდან დაიწყება კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და შესაძლოა, ვინმემ არ მოინდომოს, ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა ამ ადამიანის პერსონალური მონაცემები, ვიცით რომელი რეგიონიდან არიან, რომელი ქალაქიდან, სოფლიდან და შესაბამისად, ხდება ახლა ამ ბაზების დაწმენდა. ვფიქრობთ, რომ ვაქცინის შემოსვლისას ჩვენ გვექნება უკვე ელექტრონული სიები, ვისაც სურვილი აქვს, რომ აიცრას, სამედიცინო მუშაკი ყველა სამედიცინო დაწესებულებებიდან. შერჩეულია თბილისში 5 და კიდევ სარეზერვოდ რამდენიმე დაწესებულება, ასევე ქუთაისში ორი და ბათუმში 1 სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხდება აცრები.
ხვალიდან უკვე დაიწყება 40 ბრიგადის გადამზადება. თითოეულმა ბრიგადამ დღეში უნდა აცრას 42 ადამიანი. მათ ხშირი გადამზადება აქვთ, მაგრამ „ფაიზერისთვის“ არის რაღაც ნიუანსები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მარტის შუა რიცხვებში, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ 180 000-მდე დოზა შემოვა და მისი ინფორმაციით, ვაქცინის დოზების მოწოდება ყოველთვიურად მოხდება.
„რაც შეეხება მეორე ეტაპს - მარტის შუა რიცხვებში შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა დაახლოებით 180 000 დოზა, რომელიც პირველ რიგში ისევ მოხმარდება დარჩენილ სამედიცინო მუშაკებს და შემდეგ მეორე პრიორიტეტია „მოხუცთა სახლებში“ მოხუცების და ასევე, მათი მომვლელი პერსონალის აცრა. ამის შემდეგ გადავდივართ უკვე 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ და ა.შ.”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.