პირბადე, მომხმარებლის რაოდენობის შეზღუდვა და თანამშრომლების ტესტირება - რა პირობებით გეგმავს სახელმწიფო ფიტნეს კლუბების გახსნას

,,ვმსჯელობთ, რა ფორმულირებით უნდა ჩაიწეროს პუნქტები, რომ მომხმარებლისათვის იყოს მარტივად აღქმადი“ - ამის შესახებ, ფიტნეს ცენტრ „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დამფუძნებელი გიორგი ასათიანი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.

ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლები, ონლაინ ფორმატში, შრომის ინსპექტორსა და ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ. ,,ოკტოპუსის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ პირბადის ტარება ყველა ვარჯიშის დროს სავალდებულო არ იქნება.

,,შეხვედრა დღეს გაფართოებულ ფორმატში შედგა. ჩვენი სექტორი, ეპიდემიოლოგები, ბიზნეს ომბუდსმენი, სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი და შრომის ინსპექტორი ერთად ვმსჯელობდით გახსნის დროსა და პროტოკოლზე. მათი მხრიდან, გამოითქვა მზაობა, რომ სახელმწიფო უკვე ფიქრობს ფიტნეს კლუბების გახსნაზე, თუმცა ბუნებრივია ინფიცირების მაჩვენებელი თუ დარჩება დაბალი. ვიმსჯელეთ, თუ რა დამატებითი რეგულაციები შეიძლება იყოს კლუბში მომხმარებლის ვიზიტის დროს. ეს იქნება თანამშრომლების ტესტირება, რაოდენობის კიდევ მეტად შეზღუდვა ჯგუფურ ვარჯიშებზე და მესამე, ეს არის პირბადის გამოყენება. არავინ ამბობს, რომ ეს აუცილებელი იქნება ყველა ვარჯიშის დროს, თუმცა სავალდებულო იქნება დარბაზში ყოფნისას. მომხმარებელი, თუ მაღალ ინტენსივობის ვარჯიშით არის დაკავებული, მას პრობლემა შეექმნება. ამიტომ ჩვენ ვმსჯელობდით და ალბათ, ისევ გვექნება შეხვედრები რა ფორმულირებით უნდა ჩაიწეროს პირბადის სავალდებულოობა, რომ მარტივად აღქმადი იყოს მომხმარებლისათვის“-აცხადებს ასათიანი.

მისი თქმით, გუშინ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული თანადაფინანსების პაკეტი ფიტნეს ცენტრებს ფუნქციონირების აღდგენაში დაეხმარება.

,, როგორც მოგეხსენებათ, ფიტნეს კლუბების ფუნქციონირება, დაკავშირებულია საკმაოდ დიდ დანახარჯებთან, შესაბამისად, სასესხო ვალდებულებებთან, რაც შემდეგში თვითღირებულებაზე ახდენს გავლენას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს პაკეტი იქნება საკმაოდ კარგი იმისათვის, რომ ფიტნეს კლუბები ფეხზე დადგნენ. მოგეხსენებათ, ერთი წელი გადის რაც დახურვის რეჟიმში ვართ. ამ დროის განმავლობაში, ფიტნეს კლუბების ნაწილმა ბაზარი დატოვა, საუბარია მცირე დარბაზებზე, ისინი კი ვინც ვაგრძელებთ არსებობას, ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მგონია, რომ ეს პაკეტი დაგვეხმარება ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში“-განაცხადა ასათიანმა.

ცნობისთვის, მთავრობა ბიზნეს-სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტს აცხადებს, რითიც მოხდება სესხის, სალიზინგო პროექტის და მიკრო სესხის თანადაფინანსება. თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიას, სპორტულ ობიექტებს და საბავშვო ბაღებს შეეხება.

თამარ მუკბანიანი