„ეს გარკველწილად დაგვიანებული პროცესია, რადგან რესტორნების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებაში მოხვდება, შეიძლება აღარც კი ოპერირებდეს და ვერ გააგრძელოს ფუნქციონირება ბაზარზე“, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით ის მთავრობის მიერ ამოქმედებულ დახმარების ახალ პაკეტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე სექტორს შორის, ბიზნეს სესხები რესტორნებსაც დაუსუბსიდირდება.
შოთა ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ პროგრამით სარგებლობას ბევრი ობიექტი შეძლებს, რაც მათთვის დიდი შეღავათი იქნება.
„პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო დეკემბერში, მოიცავს 240 მლნ ლარის ოდენობის საბანკო სესხების პორტფელს და 6 თვის განმავლობაში, 30 მლნ ლარით უნდა დასუბსიდირდეს სესხის პროცენტის 80%. პირველ ეტაპზე განხორციელდა დაახლოებით, 420 რესტორნის სესხის სუბსიდირება, რომელიც 5,5 მლნ ლარს მოიცავდა. აქ იყო განსაზღვრული მოთხოვნები და დაკმაყოფილდა რესტორნების მხოლოდ მცირე ნაწილი. მეორე ეტაპი 8 თებერვალს დაიწყო და დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში იქნება განაცხადების მიღება. ამ შემთხვევაში არა მარტო კომერციული ბანკების სესხები დასუბსიდირდება, არამედ მიკროსაფინანსოებისაც და შედარებით გამარტივებულია ის მოთხოვნები, რაც პირველ ეტაპზე იყო. შესაბამისად, გავრცელდება უფრო ფართო სპექტრზე. რა თქმა უნდა, ეს დამატებით შეღავათად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს მხრიდან, „აწარმოე საქრთველოს პროგრამის“ ფარგლებში. მთლიანად სფეროს რამდენად დაეხმარება, რთული სათქმელია, მაგრამ რეალურად, იმ ადამიანებისთვის, ვისაც პროგრამა შეეხება, ნამდვილად იქნება შეღავათი.
შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად დაგვიანებული პროცესია, რადგან რესტორნების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებაში მოხვდება, შეიძლება აღარც კი ოპერირებდეს და ვერ გააგრძელოს ფუნქციონირება ბაზარზე. საწყენი იქნება, თუ ასეთი რესტორნები იქნება ბევრი, იქიდან გამომდინარე, რომ დახმარება უკვე გაშვებულია და ბიზნესის ეს ნაწილი მაინც ვერ გადარჩება“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მეორე ნაკადზე განაცხადების მიღება „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ პროგრამის ფარგლებში 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:
აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის /მიკრო სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე/ლიზინგის საგანზე /მიკრო სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.