„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ( IDFI) იმედს გამოთქვამს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებასა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობა პროდუქტიულად წარიმართება, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული რეალური პროგრესისთვის საჭირო ამბიციური ვალდებულებები და სტრატეგიული დოკუმენტები დროულად დამტკიცდება.
IDFI მოუწოდებს ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულ უწყებებს, სრულად გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში კორუფციის პრევენციისთვის.
მათი განმარტებით, აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ კორუფციის აღქმის ინდექსის საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიცია კვლავ გაუარესდა.
„IDFI კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას. ამის ფონზე შეშფოთებას იწვევს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანშეუწონლად მიჩნევა, რადგან საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანობისთვის აუცილებელია ძლიერი ანტიკორუფციული საბჭო და სამდივნო.
„IDFI მიიჩნევს, რომ გამოწვევების საპასუხოდ, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები: საჯარო მოსამსახურეთა შეფასების სისტემის შეფასება და საჭიროების მიხედვით, ცვლილებების განხორციელება; საჯარო სამსახურში ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები მხილების ინსტიტუტის შესახებ; მხილების ელექტრონული პლატფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება; პლატფორმის გაუმჯობესება და მისი მუშაობის ხელშეწყობა; ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ ელექტრონული სასწავლო მოდულის შემუშავება და დანერგვა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, IDFI-ის განმარტებით, გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია არსებობდეს გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის დეტალური კრიტერიუმები.
მათი შეფასებით, ორგანული კანონით კანდიდატად რეგისტრაციისთვის დადგენილი ზოგადი კრიტერიუმები საკმარისი არ არის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სუბიექტური ფაქტორების სათანადოდ შემცირებისთვის.