კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა ტრილიონობით დოლარით აზარალა.
სამსახურის გარეშე დარჩა მილიონობით ადამიანი, გაჩერებულია ბიზნესი. მიუხედავად ვაქცინაციისა, ბევრ ქვეყანაში კვლავ მკაცრი ლოკდაუნი მოქმედებს, ნაწილმა კი გახსნა დაიწყო. პანდემიის ფონზე ყველა ქვეყანამ საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რაც გულისხმობს როგორც ბიზნესის, ასევე სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ ეხმარება ხელისუფლება ბიზნესს და მოსახლეობას საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში:
საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ატიკრიზისული გეგმა 2020 წლის აპრილში წარადგინა.
მთავრობამ 3 ძირითადი საპასუხისმგებლო ზონის შესახებ დაიწყო განსაკუთრებული მუშაობა. ესაა ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება. ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, პანდემიის პერიოდში 1.2 მილიონ მოქალაქეს წყლის, დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი დაუწესდა. 670 ათასზე მეტი ოჯახისთვის დასუბსიდირდა ბუნებრივი აირის გადასახადი. ეს ღონისძიება მთავრობამ 2 ეტაპად განახორციელა, პირველად - 2020 წლის აპრილში 3 თვით და მეორედ ოქტომბერში უკვე 4 თვით.
სახელმწიფომ დააზღვია 9 ძირითად პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდის რისკი. რისთვისაც გამოიყო 15 მილიონი ლარი.
მოქალაქეებს სესხის მომსახურება 3 თვით გადაუვადდათ. გადავადდა ქონების და საშემოსავლო გადასახადები. სახელმწიფომ მცირე სასტუმროებს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის 80% დაუსუბსიდირა. ავტოიმპორტიორებს საბაჟო გადასახადი გადაუვადდათ. იურიდიული პირებისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია განხორციელდა. ამასთან, სესხის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა კერძო ბაღებისთვის, სპორტული ცენტრებისა და რესტორნებისთვის.
გეგმის თანახმად, ყველა დასაქმებულ პირს, რომელიც ოფიციალურად მუშაობდა და კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური, სახელმწიფო დახმარების სახით უხდის 1200 ლარს, რაც გადანაწილებულია 6 თვეზე. ასევე საშემოსავლო გადასახადისგან გათავსუფლდა 750 ლარამდე ხელფასი.
თვითდასაქმებულ პირებს სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამასთანავე, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სახელმწიფოს მხრიდან, 6 თვის განმავლობაში, დამატებით, 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამასთან, ერჯერადად 200 ლარით დაეხმარა 0-დან 18 წლამდე ბავშვებს.
მეწარმეების, ეკონომიკის და ბიზნესის დახმარებისთვის - ამოქმედდა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი.
სხვა სახის საგრანტო და ერთჯერადი დახმარებები გამოიყო სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობისთვის.
ასევე, 2020 წლის ივნისში ამოქმედდა და 31 დეკემბერს დასრულდა იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა. ეს პროგრამა მშენებარე კორპუსებში ბინის შეძენისას 5 წლის განმავლობაში სესხის 4%-ის სუბსიდირებას ითვალისწინებდა.
რუსეთი
რუსეთმა კოვიდ19-ისა და პანდემიის პერიოდში სოციალური ღონისძიებები თითქმის ყველა სფეროში გაატარა. ინფიცირებულთათვის, რომლებიც იძულებით შვებულებაში გადიოდნენ, სრული ხელფასის ანაზღაურება სავალდებულო გახდა.
პანდემიის დაწყებიდან მალევე რუსეთის ხელისუფლებამ ეკონომიკისა და მოქალაქეების დასახმარებლად 1.4 ტრილიონი რუბლი გამოყო (დღევანდელი კურსით 19,4 მლნ დოლარი). 2020 წლის ივლისისთვის კი მხარდაჭერის პაკეტის ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა.
ივნისის დასაწყისში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა პრეზიდენტს მოახსენა, რომ მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულება 5 ტრილიონი რუბლია (67,3 მლნ დოლარი) მოგვიანებით გეგმას, რომელიც მოიცავს ორ წელს, (2020-2021) გადახედეს, და ბიუჯეტი 6,4 ტრილიონ რუბლამდე გაზარდეს (86,2 მლნ დოლარი).
რუსეთის მთავრობამ პანდემიის დაწყების დღიდან ბავშვებისთვის დახმარების პროგრამა აამუშავა და ერთჯერადად 10 ათასი რუბლი მიიღო, (134 დოლარი) ღონისძიება განხორციელდა ორჯერ.
ხელისუფლებამ დამატებით გამოყო თანხა გაზრდილი უმუშევრობის შესამსუბუქებლად. TASS -ის ცნობით, 2020 წელს 185 მილიარდ რუბლზე მეტი დაიხარჯა.
მოსახლეობისთვის დაწესდა საკრედიტო არდადეგები. ბანკებმა დაიწყეს საკუთარი კრედიტის რესტრუქტურიზაციის პროგრამების დანერგვა. ხელისუფლებამ ასევე დაიწყო შეღავათიანი იპოთეკური პროგრამა 6.5% -ით.
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოებამ 753 მილიარდი რუბლის კრედიტების რესტრუქტურიზაცია მოახდინა.
მაისში 23 მილიარდ რუბლზე მეტი (310 მლნ დოლარი) გამოიყო ავიაკომპანიების დასახმარებლად, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით ფრენების გაუქმებამ დაზარალდა.
ტუროპერატორებმა 3,5 მილიარდი რუბლის (74,1 მლნ დოლარი) ოდენობის სუბსიდია მიიღეს, 15 მილიარდი რუბლი (202,1 მლნ დოლარი) გამოიყო შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. 25 მილიარდი რუბლი (337 მლნ დოლარი) გამოიყო საავტომობილო ინდუსტრიის სტიმულირებისთვის.
დაიწყო პროგრამა 12 მილიარდი რუბლის (161,7 მლნ დოლარი) დეველოპერული სესხების სუბსიდირებისთვის. მაისის ბოლოს მთავრობამ დაკარგული შემოსავლის კომპენსაციისთვის 100 მილიარდი რუბლი გამოყო (134.7 მლნ დოლარი).
საერთო ჯამში, 2020 წლის იანვრიდან მაისამდე მთავრობამ რეგიონებში, სხვადასხვა სფეროს სუბსიდიებში 1 ტრილიონი რუბლი (13,4 მლრდ დოლარი) დახარჯა.
სომხეთი
სომხეთის მცხოვრებლებმა, პანდემიის შედეგად ძლიერი ფინანსური ზიანი განიცადეს. გარდა ამისა, ქვეყანაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების ცუდი შედეგები დგას. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მომზადებულ ანგარიშში აღწერილია, თუ როგორ ეგუება სომხეთი კრიზისს.
სომხეთმა კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად, საწარმოების დასახმარებლად 300 მილიონი დოლარი გამოყო.
50 მილიონი დოლარი გამოიყო კომპანიებისთვის. თანამშრომლების ხელფასების დასაფარად მათ კომპენსაციის სახით საჭიროებისამებრ, სხვადასხვა ოდენობის თანხები გადაეცათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში რეგულარულად ხდებოდა და დღემდე ხდება ყველა ავტობუსის, მეტროს და საზოგადოებრივი ადგილების მუდმივი დეზინფექცია. სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის შესაბამისად, სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
სომხეთის სკოლები და უნივერსიტეტები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე heravar.armedu.am- სა და Zoom- ის საშუალებით, ხოლო განათლების სამინისტრომ საგანმანათლებლო პროგრამების გადასაცემად ცალკე ტელეარხი უზრუნველყო.
საკარანტინო რეჟიმი სომხეთში 2021 წლის 11 ივლისამდე გრძელდება.
აზერბაიჯანი
გამკაცრებული საკარანტინო რეჟიმი აზერბაიჯანში 2021 წლის 1-ელ აპრილამდე გრძელდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო დაზარალებული მოსახლეობისთვის, დაახლოებით 600 ათასი ადამიანიისთვის, გამოიყო დახმარება. თითოეულმა მათგანმა კომპენსაციის სახით 190 მანეთი (დაახლოებით 112 დოლარი) მიიღო.
COVID-19- ით გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედების შემცირებისთვის მინისტრთა კაბინეტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2,5 მილიარდი აზერბაიჯანული მანათი (დაახლოებით 1,471 მილიარდი აშშ დოლარი) გამოიყო, რაც მშპ-ს 3%-ს უდრის.
სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა სამედიცინო საშუალებების მომარაგების მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 97 მილიონი მანათი (დაახლოებით 57 მილიონი აშშ დოლარი) გამოიყო.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად შექმნა ფონდი, სადაც 20 მილიონი მანათი (დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარი) გადარიცხა. ფონდში გადარიცხულმა შემოწირულობამ დაახლოებით 67 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
პანდემიის შედეგად (სამუშაო ადგილების შემცირების გამო დაზარალებულთა დასახმარებლად 215 მილიონი აზერბაიჯანული მანათი (126.5 მილიონი აშშ დოლარი) გამოიყო. სახელმწიფომ დახმარება 300 000 ადამიანს გაუწია.
ფინანსური დახმარების პროგრამით დაეხმარნენ 300,000 ინდივიდუალური (მიკრო) მეწარმეებს. ბიუჯეტში გათვალისწინებული 80 მილიონი მანათი (47 მილიონი აშშ დოლარი) სრულად გაიხარჯა.
პანდემიის გამო, აზერბაიჯანს შეღავათები აქვს დაწესებული მოსახლეობისთვის კომუნალურ გადასახადებზე. სატარიფო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგიის შეღავათიანი პაკეტი იმ მომხმარებელს ეკუთვნის, რომელიც თვიურ ლიმიტს, 300 კილოვატ საათს არ გადააცილებს. თუმცა, პანდემიასთან დაკავშირებით, მოსახლეობისთვის შეღავათიანი მოხმარების ლიმიტი 100 კილოვატ საათით - თვეში 400 კილოვატ საათამდე გაიზარდა.
აბონენტებისთვის, დენზე დაწესებულია ორი ტარიფი - ერთი კილოვატსაათი 0,07 მანათი (0.14 ლარი) და 0,11 მანათი (0.21 ლარი) იმ აბონენტებისთვის, რომლებიც საბაზისო ლიმიტს გადააჭარბებენ. ლიმიტის გადაცილების შემთხვევაში ერთი კილოვატსაათი 0.11 მანათამდე (0.21 ლარი) იზრდება.
თურქეთი
თურქეთის ხელისუფლებამ პანდემიის გამო დაზარალებული ბიზნესის და მოქალაქეების დასახმარებლად 28,7 მილიარდი დოლარი გამოყო.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პანდემიით დაზარალებული კომპანიების დასახმარებლად 100 მილიარდი ლირის (14,35 მილიარდი დოლარი) ოდენობის ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებათა პაკეტი წარადგინა.
შიდა საჰაერო მიმოსვლისთვის დღგ-ს 18% -დან 1% -მდე შემცირდა, გაუქმდა სესხების გადახდა სამი თვის განმავლობაში.
პანდემიის პერიოდში დახმარების მიზნით, თითქმის 120 000 კომპანიას 107,4 მილიარდი ლირა (15,4 მილიარდი დოლარი) გადაეცა. გარდა ამისა, 4,4 მილიონმა ადამიანმა, რომლებმაც პანდემიის დროს სამსახური დაკარგა, 1000 ლირის ოდენობის (143 დოლარი) დახმარება მიიღო.
თურქეთის ხელისუფლების მიერ შედგენილი 100 მილიარდი ლირის ოდენობის (15,3 მილიარდი დოლარი) ეკონომიკური პაკეტი ითვალისწინებს მინიმალური პენსიის 1,500 თურქულ ლირამდე (230 აშშ დოლარი) გაზრდას, 2 მილიარდი ლირის (308 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას ღარიბი ოჯახებისთვის, პირდაპირ სუბსიდიებს და სუბსიდირებული სესხების გაცემას საექსპორტო კომპანიებისთვის. საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გადახდის გადავადებას ექვს თვემდე. საშემოსავლოსგან გათავისუფლებას, რიგი კომპანიები გათავისუფლდნენ საგადასახადოსგან.
თურქეთში, შიდა ფრენების განმახორციელებელ ავიაკომპანიებს აპრილიდან სამი თვის განმავლობაში დღგ 18% -დან 1% -მდე შეუმცირდათ.
(წყარო: ადგილობრივი მედიასაშუალებები; შენიშვნა - სტატიაში წარმოდგენილია ძირითადი პაკეტები, რომელიც მთავრობებმა გაატარეს, ანტიკრიზისული გეგმები დამატებით ბევრ საკითხს მოიცავს).