რატომ აწარმოებენ საქართველოში უფრო ნაკლებ ბოსტნეულს, ვიდრე აზერბაიჯანსა და სომხეთში - ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციის განმარტება

ფერმერებში ცნობიერების დაბალი დონე ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებით, ნაკლები ტექნიკა და სამაცივრე მეურნეობების სიმცირე - ეს ის მიზეზებია, რასაც ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია საქართველოში ბოსტნეულის წარმოების დაბალ მაჩვენებლად ასახელებს.

ცნობისათვის, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო აზერბაიჯანზე 10,6-ჯერ, სომხეთზე კი 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს. ეს მონაცემები ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციამ FAO-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით გამოაქვეყნდა.

,,მიზეზი, რის გამოც მკვეთრად ჩამორჩება ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორი მეზობელ ქვეყნებს, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. ერთი კონკრეტული ფაქტორი, ნამდვილად არ არის შემაფერხებელი. ხშირად, პრობლემად სახელდება ის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მცირე მიწიანი ფერმერი გვყავს. ჩვენთან, ფერმერად ითვლება ადამიანი, რომელიც 1.15 ჰა აქვს, როცა ევროპის ქვეყნებში მხოლოდ 60 ჰექტარიდან აქვს ეს სტატუსი.

აღსანიშნავია, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის დიდი განსხვავება არ არის 1.50 ჰა არის საშუალო მიწის ფართობი, აზერბაიჯანში 5 ჰა. ამიტომ პრობლემა სხვაგანაა და ეს არის ფერმერებში ცნობიერების დაბალი დონე ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებით. სამწუხაროდ, ჩვენთან ადამიანები, რომლებიც მიწათმოქმედებაში არიან ჩართული, ჯერ კიდევ ხელმძღვანელობენ ცოდნით, რომელიც კომუნისტური დროიდან მოჰყვებათ. მათი დიდი უმეტესობის ასაკი 50 წელს ზემოთაა და როგორც მიჩვეულები არიან, ისე აგრძელებენ საქმიანობას, გუთნით, ბარით და ა.შ. ძველებური მეთოდებით. ეს ბუნებრივია, იწვევს მცირე მოსავლიანობას.

გარდა ამისა, არის წმინდად ობიექტური ფაქტორები. მაგალითად, სარწყავი სისტემების არარსებობა, რის გამოც აქციები ალბათ, ახსოვს საზოგადოებას არაერთ სოფელში. ეს კვლავ რჩება მოუგვარებელ პრობლემად ქვეყნის დიდ ნაწილში. ასევე ტექნიკაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა. მაგალითისათვის, ფერმერებს, რომლებსაც მოჰყავთ მარცვლეული, ხშირად ექმნებათ პრობლემა, ვერ შოულობენ კომბაინს და ამით ირღვევა მკის ვადები და კარგავენ მოსავალს. იქ კი, სადაც ტრაქტორია საჭირო, ისევ ძველი, ,,ბალურსის“ მარკის ტექნიკა ჰყავთ.

საქართველოში სასათბურე მეურნეობა არც თუ ისე კარგადაა განვითარებული. თითზე ჩამოსათვლელია მაღალტექნოლოგიური სათბურები.მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში ამისთვის იდეალური კლიმატია. უკვე მოსავლის მიღების შემდეგ კი, ფერმერებს აქვთ შემნახველი სამაცივრე საწყობების პრობლემა. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანებს მოჰყავთ მოსავალი და მყისიერად თუ არ მოხდა რეალიზაცია, ისინი დიდ ზარალს ნახულობენ. ყველა პრობლემა კომპლექსურად ბუნებრივია, ფერმერებს აკარგვინებს მოტივაციას“,-აცხადებენ ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციაში.

თამარ მუკბანიანი