დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს კი პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირბადის ტარების თაობაზე დაწყებული დაპირისპირების გამო ერთ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.
„524 მგზავრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ეცადა ასვლას, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან აღკვეთილი იქნა. 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით. მათ ძირითადად ცხვირზე არ ჰქონდათ პირბადე აფარებული. საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა ერთხელ. იყო დაპირისპირება პირბადის არგაკეთების გამო. ერთხელ კი არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი ამ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა. მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს. თვითონ მგზავრებიც ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და თვითონ მოითხოვენ პირბადის გაკეთებას იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ცდილობს პირბადის გარეშე ავიდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან მიზანმიმართულად არ იკეთებს პირბადეს. ეს სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს მგზავრებში და როგორც გითხარით, იყო კონფლიქტური სიტუაციაც. თუმცა ეს კეთდება იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ეს მოთხოვნები, იმიტომ, რომ ყველაფერი კეთდება, რათა დავიცვათ მოქალაქეები“,- განაცხადა კალაძემ.