დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიის სხდომაზე მეტროსადგურ გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურზე ბაქანის მდგომარეობასა და ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე ექსპერტიზა მიმდინარეობს.
როგორც კალაძემ განაცხადა, სწორედ ექსპერტიზის შედეგების მიხედვით გაგრძელდება სამუშაოები, რათა რეაბილიტაციის პროცესი დროულად, სამ თვეში დასრულდეს.
„მივედით იმ ეტაპზე, რომ მეტროსადგურის დახურვა დროებით, სამი თვით უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ისეთი სამუშაოები მიდის, შეუძლებელი იქნება ადამიანების გადაადგილება. შესაბამისად, 3 თვით მოგვიწევს გაჩერება იმისთვის, რომ სამუშაოების დასრულება დროულად მოხდეს. ამჟამად მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქანის მდგომარეობაზე და ექსპლუატაციის უსაფრთხეობაზე. ექსპერტიზის პასუხის მიხედვით გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები და სამუშაოები დროულად, სამი თვის განმავლობაში იქნება დასრულებული. მთლიანად მიმდინარეობს ვესტიბიულის რეაბილიტაცია, მოწესრიგდება ბაქანი, გადაიხურება და ნორმალურ მდგომარეობაში იქნება, როდესაც სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.