ტყვარჩელის ქ. #5 ში განთავსებულ ბარაკებს დემონტაჟი ჩაუტარდება და მათ ადგილზე სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქში რეკრეაციულ სივრცეების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სპორტის სასახლესთან არსებული განაშენიანება „ურბანული გენოციდია“ .
„სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ყველამ კარგად ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი, ეს არის მაგალითი იმისა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ურბანულ გენოციდს, როგორ არ უნდა მოხდეს განაშენიანება. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ არავის არ მოგვწონს ის განაშენიანება, რაც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ნებართვის გამცემი, ისე ნებართვის მიმღებები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე. არ არის განსაზღვრული ურბანულად გზები როგორ უნდა იყოს დაგეგმარებული, რეკრეაციულ სივრცეებზე ზედმეტია საუბარი, რომ შეხვალ შეიძლება ვეღარ გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ და არ იცი კონკრეტული ქუჩები. ტყვარჩელის ქუჩის #5-ში მდებარეობდა ბარაკები. იყო მოთხოვნა, ამ ბარაკების მაგივრად აშენებულიყო საცხოვრებელი კორპუსები, რაც ვფიქრობ, ამ კონკრეტული ადგილისთვის და მიმდებარე ტერიტორიისთვის კიდევ დამატებითი პრობლემა იქნებოდა. მოველაპარაკეთ ამ ოჯახებს, გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა და დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრი, სადაც ბარაკები იყო, მოაქვს მუნიციპალიტეტს, ვიწყებთ ამ ბარაკების დანგრევას და აშენდება პატარა სკვერი, იქ მცხოვრებ ადამიანებს საშუალება ექნებათ პატარები გაასეირნონ სკვერში. ტროტუარიც კი არ არსებობს, რომ ადამიანებმა ნორმალურად იარონ, მხოლოდ აბლანდული გზებია. ეს კონკრეტული სივრცე გამოყენებული იქნება სკვერისთვის. კორპუსების აშენება არ და ვერ მოხდება“,-აცხადებს კახა კალაძე.