კახა კალაძის განცხადებით, დედაენისა და 9 მარტის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში მთლიანად დასრულდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაენისა და 9 მარტის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში მთლიანად დასრულდება. ამის შესახებ კალაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

კალაძეს თქმით, ეამაყება, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება, სადაც ყველა ადამიანისთვის შესაბამისი ზონაა განკუთვნილი.

„ქალაქში უნდა გაჩნდეს ახალი რეკრეაციული სივრცეები. უნდა მოვუაროთ არსებულ პარკებს, სკვერებს და ახალი საქალაქო პარკები უნდა შევქმნათ. გუშინ მაგალითად, დავათვალიერეთ სამუშაოები დედაენისა და 9 მარტის რეაბილიტაციის, რომელიც ძალიან მალე იქნება დამთავრებული. ერთ თვეში სამუშაოები მთლიანად დასრულდება, პატარა დეტალებია დარჩენილი. მიხარია და მეამაყება, რომ ასეთი მაგარი პროექტი ხორციელდება, ასეთი მაგარი დასასვენებელი რეკრეაციული სივრცე იქნება, სადაც ყველა ადამიანისთვის შესაბამისი ზონაა. ადგილი, რომ გაერთონ, განიტვირთონ. ამ ყველაფრის მთავარი მამოძრავებელი ხართ თქვენ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები“, - აღნიშნა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ასევე დაიწყო თემქის ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ჩვენ ასევე დავიწყეთ თემქის ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს იქნება კიდევ ერთი ახალი საქალაქო პარკი, რომელიც ჩვენს ქალაქს შეემატება. ტერიტორია დაახლოებით 22 ჰექტარზეა განთავსებული. ძირითადად ეს ტერიტორია დაჭაობებული, ნაგვით სავსე იყო და ადგილობრივი მოსახლეობა დამეთანხმება, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, განსაკუთრებით ზაფხულში. ჩვენ უშუალო სამუშაოების განხორციელება დავიწყეთ“, - განაცხადა კალაძემ.