ვაკის პარკში, რეაბილიტაციის პერიოდში, გარკვეული ტერიტორია გამოიყოფა, სადაც შინაური ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში დღეიდან, რეაბილიტაციის პერიოდში ტერიტორია გამოიყოფა, სადაც შინაური ცხოველების გასეირნების შესაძლებლობა იქნება. ამის შესახებ კალაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია ჰქონდათ და მათი მოთხოვნა გათვალისწინებულია.

„არსებული სამუშაოების გამო სრულიად გვიწევს ვაკის პარკის ჩაკეტვა. ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვქონდა და მათი მოთხოვნა იყო, რაღაც გარკვეული სივრცე გამოგვეყო, იმისთვის, რომ ცხოველების გასეირნება შესაძლებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და ამ კომუნიკაციის შედეგად დღეიდან, რეაბილიტაციის პერიოდში გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნების შესაძლებლობა იქნება“, - განაცხადა კალაძემ.