ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ 59 მლნ დოლარის ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. როგორც კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშშია აღნიშნული, იმპორტის მთავარი მიზეზი გასულ წელს ელექტროენერგიის მაღალი დეფიციტია. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ელექტროენერგიის გენერაცია 5.5%-ით შემცირდა, ხოლო მოთხოვნა ელექტროენერგიაზე მაინც მაღალი იყო, რასაც აფხაზეთის მზარდმა ელექტრომოხმარებამ შეუწყო ხელი.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს იმპორტის 38% რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.
როგორც IDFI-ში აცხადებენ, ენერგოეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს სექტორის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც განახლებადი ენერგიის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ელექტროენერგიის გენერაციის დაახლოებით 80% ჰესებზე მოდის.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე