ჯეფ ბეზოსი და მაკენზი სკოტი ქველმოქმედი ამერიკელების რეიტინგის სათავეში არიან

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტი პირველ და მეორე ადგილებზე არიან იმ 50 ამერიკელს შორის, რომლებმაც 2020 წელს ყველაზე მეტი დახარჯეს ქველმოქმედებაზე. აღნიშნული რეიტინგი გაავრცელა გამოცემამ The Chronicle of Philanthropy, რომელიც აშუქებს ქველმოქმედების აქტივობებს.

მათი მონაცემებით, რეიტინგში მოხვედრილმა 50-ვე ფილანტროპმა ჯამში ქველმოქმედებაზე გაიღეს 24,7 მილიარდი დოლარი. აქედან დაახლოებით 10,15 მილიარდი მოდის ჯეფ ბეზოსზე. მან აღნიშნული თანხა გაიღო „დედამიწის ფონდის“ შესაქმნელად (Bezos Earth Fund), რომელიც კლიმატის ცვლილებების წინააღდმეგ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ბეზოსის ქონება Bloomberg-ს 194 მილაირდ დოლარად აქვს შეფასებული.

ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლის მაკენზი სკოტის დანახარჯები ქველმოქმედებაზე 5,73 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ის რეიტინგში მეორე ადგილზეა. მან თანხები მიმართა მოსახლეობისთვის კრედიტების შემსუბუქებაზე, საკვები პროდუქტების განაწილებაზე, ასევე სასწავლო დაწესებულებებზე, სადაც უმეტესობა სტუდენტების არიან შავკანიანები.

რეიტინგში მესამეა ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი. მან 2020 წელს ქველმოქმედებას 1,6 მილიარდი დოლარი შესწირა. თანხა მიმართული იყო სხვადასხვა პროგრამებზე, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროზე.

რეიტინგში მეოთხეა ბიზნესმენი ფილიპ ნაითი და მისი მეუღლე პენელოპა. მათი შენატანი ქველმოქმედებაზე 1,36 მილიარდი დოლარია. მეხუთე ადგილზეა Twitter-ის თავკაცი ჯეკ დორსი, მან 1 მილიარდი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაზე, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ.

მილიარდერი ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა კი რეიტინგში მე-13 ადგილზე არიან (157 მლნ), Facebook-ის დირექტორი შერილ სენდბერგი მე-15 (122,8 მლნ), თავად კომპანიის თავკაცი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა კი მე-16 ადგილზე 120 მილიონით.

კოკა კვირკველია