გერმანია კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების 14 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს,- მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანცლერ ანგელა მერკელსა და 16 ფედერალური მიწის ლიდერებს შორის დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების პროექტშია აღნიშნული.
Reuers-ი წერს, რომ ბოლო პერიოდში გერმანიაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი კლებულობს, თუმცა ქვეყანაში ვირუსის უფრო გადამდები ვარიანტების გავრცელებასთან დაკავშირებით შეშფოთება არსებობს.
„ძალიან მყიფე სიტუაცია გვაქვს. სხვა ქვეყნების, მაგალითად, პორტუგალიის მაგალითზე, ვხედავთ რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია“,- განაცხადა ბადენ-ვიურტემბერგის პრემიერმა უინფრიდ კრეშმანმა Spiegel Online-თან ინტერვიუში.
გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 072 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 299 996-მდე გაიზარდა, ამასთან, ვირუსს კიდევ 813 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 62 969-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, გერმანიაში კარანტინის რეჟიმი 14 თებერვლამდე მოქმედებს. ქვეყანაში სკოლები, ბაღები, სილამაზის სალონები, მუზეუმები და თეატრები დახურულია, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში კი პირბადის ტარება სავალდებულოა.