სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქალაქო ცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი“ დეტალურად განიხილეს.
„ახალი წესის მიხედვით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ორ ნაწილად არის გაყოფილი: ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება და ბავშვის მოვლის გამო შვებულება.
1 იანვრიდან ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება, როგორც ბავშვის დედას, ასევე მამასაც შეუძლია.
შეიცვალა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი დღეების რაოდენობაც.
დასაქმებულს მოთხოვნის საფუძველზე ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა, მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 143 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება კი - 57 კალენდარული დღის ოდენობით.
ბავშვის მამა ასევე უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით.
დასაქმებული მშობლის - მამის მიერ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მისაღებად, სხვა დოკუმენტებთან ერთად აუცილებელია სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ გაცემული ცნობა, იმის შესახებ, რომ ბავშვის მშობელი (დედა) არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე.
1-ელი იანვრიდან დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა, შემდეგი პრინციპით: ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა. ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში-ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა. დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, იმ შემთხვევაში თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ან ნაწილობრივ ისარგებლა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით. დასაქმებულს, რომელიც იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.