რა შემოსავალი ჰქონდა „საქართველოს ფოსტას“ პანდემიამდე

სახელმწიფო საწარმოებში დაგეგმილი რეფორმა "საქართველოს ფოსტასაც" შეეხება. უკვე ცნობილია, რომ ორგანიზაციის ნაწილი პრივატიზებას დაექვემდებარება. „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე აცხადებს, რომ შესყიდვით, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტორები არიან დაინტერესებულები. როგორც ლევან ჩიკვაიძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, განიხილება ფოსტის არა სრული, არამედ ნაწილობრივი პრივატიზება.

„პრივატიზაციის თემა მარტივი საკითხი არ გახლავთ. მიმდინარეობს მუშაობა და იქნება ეტაპობრივი პრივატიზაცია. ეროვნული ოპერატორი საინტერესო გახდა კერძო ინვესტიციისთვის. ყველას სურვილია, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, - აღნიშნა მან.

„საქართველოს ფოსტა“ არის სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორი, რომელიც ახორციელებს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას. ის 2020 წელს მოემსახურა 2 524 201 საცალო მომხმარებელს და 3 000-მდე კორპორატიულ კლიენტს. ამასთან, 2020 წელს სახმელეთო ამანათების იმპორტმა შეადგინა 3 000 000 კგ, ხოლო ექსპორტმა 286 000 კგ.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, „საქართველოს ფოსტა“ 2020 წლის აუდიტორულ ანგარიშგებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს. 2019 წლის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით კი „საქართველოს ფოსტამ“ წელი 3,826 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2019-ში „საქართველოს ფოსტამ“ 83,878 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო პროდუქციის და მომსახურების რეალიზაციიდან. ფოსტის მთლიანი აქტივები 84, 583 მლნ ლარს შეადგენს.

“საქართველოს ფოსტის” დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მმართველობაში იმყოფება. კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, კომპანია საქართველოს მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი და მასში 3 000-მდე ადამიანი არის დასაქმებული.