ირაკლი ხმალაძე - თბილისის მერია კომპანიას, რომელიც ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობას ახორციელებს, მიწის ნაკვეთის მონაცვლეობას კიდევ ერთხელ შესთავაზებს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერია კომპანია "აიკონია კაპიტალის" წარმომადგენლებს იპოდრომის მომიჯნავე ტერიტორიაზე, ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის ნაცვლად სხვა მიწის ნაკვეთის მონაცვლეობას კიდევ ერთხელ შესთავაზებს.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ადგილობრივი მოსახლეობის ესმის და მერია აღნიშნულ კომპანიას მონაცვლეობის საკითხზე სასაუბროდ ადრეც შეხვდა, თუმცა მაშინ "აიკონია კაპიტალმა" შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

"მშენებლობის ნებართვა ცინცაძის ქუჩაზე რამდენიმე წლის წინაა გაცემული, ახლა უშუალოდ იმ ობიექტზე ვსაუბრობ, სადაც მოსახლეობამ პროტესტი გამოხატა. ჩემთვის ცნობილია ეს მშენებლობა, რადგან რამდენიმე წელი ამ საქმეზე სასამართლო დავა მიმდინარეობდა და უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. მიმდებარე მოსახლეობისთვის ეს საკმაოდ მტკივნეული იყო. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ კომპანია დაგვეყოლიებინა მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით და მონაცვლეობისთვის რამდენიმე მიწის ნაკვეთიც შევთავაზეთ, მაგრამ კომპანიამ უარი განაცხადა. მათ სურვილი აქვთ, რომ სამშენებლო სამუშაოები გააგრძელონ. მე დღეს მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა და მთხოვეს, რომ კომპანიასთან მონაცვლეობის საკითხის დაყენება ვცადოთ და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ დავზარდებით. შესაბამისად, მე მივიღე ზომები, რომ შეხვედრა ჩაინიშნოს, რათა მონაცვლეობის საკითხი კიდევ ერთხელ განვიხილოთ. წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, შეხვედრის შემდეგ შემეძლება, გითხრათ, რას მივაღწევთ", - განაცხადა ხმალაძემ.