გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 7 მარტამდე გახანგრძლივდა.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ კანცლერ ანგელა მერკელსა და 16-ვე ფედერალური მიწის პრემიერებს შორის გამართული შეხვედრის დროს მიიღეს.
შენარჩუნებული „ლოქდაუნის“ ფარგლებში დაკეტილი რჩება ბარები, რესტორნები და მაღაზიების უმეტესობა, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულოა, კერძო სახლებში მხოლოდ ერთი სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. ამასთან, 15 მარტამდე, დამსაქმებლებმა თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის ნება უნდა დართონ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.
აღსანიშნავია, რომ სილამაზის სალონებს 1-ელი მარტიდან, მკაცრი ჰიგიენური ნორმების დაცვით, გახსნის საშუალება მიეცემათ.
რაც შეეხება სკოლებს, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სკოლები და დღის ცენტრები უნდა იყოს "პირველი, რომელიც თანდათან გაიხსნება“, მაგრამ ფედერალურმა მიწებმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ, როგორ და როდის გახსნიან მას.
შეგახსენებთ, „ლოქდაუნი“ გერმანიაში ნოემბერში გამოცხადდა, შობის პერიოდში კი ზომები უფრო გამკაცრდა. კარანტინის რეჟიმის ვადა 15 თებერვალს იწურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, ხელისუფლებაში შიშობენ, რომ ვირუსის ახალმა ვარიანტებმა, შესაძლოა, სიტუაცია შეცვალოს.