გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარკების მწარმოებელი კომპანიების მასშტაბური შემოწმება განახორციელეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, გარემოსდაცვითი ინსპექტირების თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, 32 ობიექტი შეამოწმეს და ჯამში, 1 493 490 ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს.
ინსპექტირების შედეგად, კომპანიების მხრიდან, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი მუკნიაშვილის განცხადებით, ინსპექტირების მიზანია, პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს.
„საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია, პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შემცირდეს“, - განაცხადა ირაკლი მუკნიაშვილმა.