აშშ - ის მთავრობა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეხმარება, რათა ჩვენი ეკონომიკის ძირითადი სექტორები უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო ეფექტური გახდეს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროგრამა თანამშრომლობს სამინისტროში შემავალ ყველა წამყვან სააგენტოსთან და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტურიზმი, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, მსუბუქი მრეწველობა, აეროპორტების განვითარება და სხვ. მინისტრის განცხადებით, პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმია.
მისი თქმით, პროგრამა ეხმარება ქართულ მხარეს პოსტკოვიდის პერიოდში ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში. გარდა ამისა, მხარდაჭერას უწევს სექტორში დასაქმებულ ადამიანებს პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში. პროგრამის კიდევ ერთი პარტნიორია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. კერძოდ, პროგრამა მონაწილეობს ე.წ. განთავსების კონსულტანტების პროექტში.
„ეკონომიკური ზრდის პროგრამა გვეხმარება, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ. განთავსების კონსულტანტების პროექტის ფარგლებში, ისინი იმუშავებენ გლობალურ კომპანიებთან, რომ სწორედ საქართველო გახდეს მათი სამომავლო ინვესტიციის განხორციელების ადგილი,“ - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, USAID - ი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ეხმარება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსაც და ხელს უწყობს საპრივატიზებო პროცესის უკეთ წარმართვაში. რაც შეეხება სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სტარტაპერების მხარდაჭერაზე, რომლის ფარგლებშიც ქართველ ინოვატორებს აქვთ შესაძლებლობა, აშშ-ში სილიკონ ველზე თავისი პროექტები პოტენციურ ინვესტორებს წარუდგინონ.
„პროგრამა ასევე ეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელიც განკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული აეროპორტი გადავაქციოთ დასავლეთ საქართველოს ტურისტული მიზიდულობის ცენტრად და ჰაბად, საიდანაც ტურისტები გაეცნობიან დასავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და ეს ყველაფერი ამერიკის მთავრობის და ამერიკელი ხალხის დახმარებით განხორციელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.