ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეებისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული 12-დღიანი საკარანტინე ვადა 5 დღემდე შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მხედველობაშია მისაღები კოვიდპანდემიით შექმნილი გარემოება.
„ამ თვალსაზრისით, ხელისუფლება დაბალანსებული და პრაგმატული მიდგომით ახორციელებს კოვიდპანდემიის მართვას, დაწესებული შეზღუდვებით თუ შემსუბუქებასთან დაკავშრებულ გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის საკარანტინე ვადა. როგორც მოგეხსენებათ 1-ელ თებერვლამდე ეს ვადა 12 დღით განისაზღვრებოდა. ამიერიდან კი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი დაყოფენ 5 დღეს საკარანტინე სივრცეში. PCR ტესტირების შედეგად, ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ, მათ ექნებათ შესაძლებლობა 5-დღიანი საკარანტინე ვადის ამოწურვისთანავე დატოვონ ეს სივრცე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადგილზე, ენგურის ხიდზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განთავსებულნი არიან ზოგადი პროფილის სამედიცინო პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც შესაძლებლობას მისცემს გადმოსულ მოქალაქეებს, რომ შეფასებულ იქნეს მათი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ტრანსპორტირებულ იქნან შესაბამის დაწესებულებებში“, - განაცხადა ახვლედიანმა.