საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვოს.
როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნული „არასერიოზული და აბსურდული განცხადებაა, რაზეც კომენტარის გაკეთება არ ღირს“.
„არავინ არანაირ პოსტს არ ტოვებს. გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას. ის არის ძალიან სერიოზული, ღირსეული სახელმწიფო მოხელე, მოღვაწე, პოლიტიკოსი, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც არასდროს, ახლა საჭიროა ერთიანობა. გუნდი ისე ერთიანია, როგორც არასდროს და ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და უსაფუძვლო განცხადება, რაზეც არ ღირს კომენტარის გაკეთება“, - აღნიშნა ზალკალიანმა.