„კონცეპტArt“-ის პროექტს „მუსიკა შენს ფანჯრებთან“, რომელიც მაყურებელმა ყველაზე თბილი გამოხმაურებით დააჯილდოვა, 12 თებერვალს „აქსის თაუერსი“ უმასპინძლებს, მომდევნო გაჩერება კი გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში იგეგმება.
მონატრებული მსმენელის ფანჯრებთან აქსის თაუერსის ტერასაზე, ბექა გოჩიაშვილი დაუკრავს ნიკოლოზ რაჭველთან, ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად. სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე და მარიამ ჯანჯღავა (Janngo). ერთ-ერთ კომპოზიციაზე ქორეოგაფიული ნომერს თინათინ წულაძე და ბაჩანა ჭანტურია შეასრულებენ. საღამოს ბახვა ბრეგვაძე გაუძღვება.
თუკი შენ ვერ მიდიხარ კონცერტზე, კონცერტი მოვა შენთან - ასეთია საავტორო კონცეფცია, რომლის მიზანია შინ გამოკეტილ მოსახლეობას გაუზიაროს სიხარული, მოძრავი სცენით ეწვიოს საკუთარ ეზოში და გაუმართოს კონცერტი მათთვის ძვირფას არტისტებთან ერთად.
პროექტის ავტორი - თეონა ჯორბენაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი მხატვარი - ვანო ჭელიძე.
პროექტი თბილისის მერიის მხარდამჭერითა და პატრონაჟით ხორციელდება.
12 თებერვალს კონცეპტArt-ის და აქსისის ფეისბუქ გვერდებზე 21:30 საათზე ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი დაგეგმილ კონცერტს.
პროექტის მასპინძელია - აქსის თაუერსი, თანამედროვე თბილისის ახალი ლენდმარკი ჭავჭავაძის 37-ში.