აშშ ჩინეთში ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვას განიხილავს

აშშ-ის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას მის მოკავშირეებთან ერთად შეზღუდოს ჩინეთში ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიის ექსპორტი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ვაშინგტონში ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია ექსპორტში „ახალ დამისამართებულ შეზღუდვებზე“. გარდა ამისა, მისი თქმით, ვაშინგტონს არ სურს „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების მიწოდება, რომელიც გაზრდის ჩინეთის სამხედრო პოტენციალს“.

როგორც სააგენტო წერს, ამავდროულად შტატები არ აპირებს საბაჟო ტარიფების გაუქმებას ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც დააწესა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ. ისინი შენარჩუნდება მოკავშირეებთან „ინტენსიური კონსუტაციების“ დასრულებამდე, ასევე ჩინეთთან ამერიკის პოლიტიკის საბოლოო განსაზღვრამდე.

„ჩვენ ამ ტარიფებს შევინარჩუნებთ, სანამ ვაკვირდებით სიტუაციას, ამიტომ არ ვიჩქარებთ ამ კუთხით“, - განუცხადა სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მან გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აკრიტიკებდა ტრამპის სტრატეგიას ჩინეთთან მიმართებაში არა მისი სიხისტის გამო, არამედ იმის გამო, რომ ის ამას მარტო ეწეოდა და ამის პარალელურად ეპაექრებოდა შტატების მოკავშირეებს.

„ამ მომენტისთვის არ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაუქმებთ თუ არა ტარიფებს ან გავაგრძელებთ თუ არა ჩინეთთან იმ პოლიტიკას, რომელიც წინა ადმინისტრაციას ჰქონდა“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინელ კოლეგას სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა. „ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ შეშფოთებულია ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგზე განხორციელებული ზეწოლით, სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების დარღვევით და ტაივანის მიმართ სულ უფრო და უფრო მკაცრი ქმედებების განხორციელებით,“- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა სი ძინპინთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის თავისუფლების შენარჩუნება აშშ-სთვის პრიორიტეტია.

ამასთან, ორმა პრეზიდენტმა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის, კლიმატის ცვლილების საერთო გამოწვევებისა და შეიარაღების ზრდის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა.

კოკა კვირკველია