იანვარში ამსტერდამი პირველად გახდა ლიდერი ევროპაში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის კუთხით. მან პირველად აჯობა ლონდონს, რომელიც აქამდე მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი ფინანსური ცენტრი იყო. ამის შესახებ Financial Times წერს.
ამსტერდამის საფონდო ბირჟაზე და CBOE Europe and Turquoise სავაჭრო მოედნებზე გასულ თვეს აქციებით ყოველდღიურმა ვაჭრობამ შეადგინა საშუალოდ 9,2 მილიარდი ევრო, რაც ოთხჯერ აღემატება დეკემბრის მაჩვენებელს. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ლონდონში იანვარში მკვეთრად შემცირდა და 8,6 მილიარდი ევრო შეადგინა. გამოცემა ლონდონში კლებას და ამსტერდამში ზრდას პირდაპირ უკავშირებს ევროკავშირის განკარგულებას აქციებით ლონდონში ვაჭრობის აკრძალვაზე.
ამ სიტუაციას კანონზომიერი უწოდა Rosenblatt Securities-ის ანალიტიკოსმა ანიშ პუარიმ. მისი თქმით, ლონდონმა „დაკარგა ევროკავშირის აქციებით ვაჭრობის ცენტრის სტატუსი, თუმცა მას აქვს შანსი დაიკავოს საკუთარი ნიშა ვაჭრობაში“.
Financial Times-ის შეფასებით, ამსტერდამში აქციების ვაჭრობის ზრდა გამოწვეულია Brexit-ით. წლის დასაწყისიდან ამსტერდამში ასევე ფიქსირდება აქტიურობა სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების მიმართულებებით, რომლებიც აქამდე ლონდონში მიმდინარეობდა და ეს მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან უახლოეს მომავალში ამსტერდამში გადააქვთ ფინანსური ოპერაციები CBOE Europe-ს, რომელიც ვაჭრობს დერივატივებით, ასევე იქ გადააქვს ოპერაციების ნაწილი ამერიკულ Intercontinental Exchange-ს (ICE), რომელზეც ივაჭრება ფიუჩერსული ყველა საბაზისო აქტივები.